Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მუზეუმების გაერთიანების განცხადება – ნიკოლოზ ბარათაშვილის მუზეუმის დახურვასთან დაკავშირებით

1 თებერვალი, 2017

მუზეუმების გაერთიანების განცხადება - ნიკოლოზ ბარათაშვილის მუზეუმის დახურვასთან დაკავშირებით

“ა(ა)იპ „მუზეუმების გაერთიანება“ 2016 წლის 29 ივლისს დაფუძნდა (თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულება №30.02.651) და წარმოადგენს თბილისის მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანებას, რომელიც გულისხმობს 9 დამოუკიდებელი მუზეუმის ერთიან ინსტიტუციას. გაერთიანებაში შემავალი მუზეუმების უმრავლესობა მრავალი წელია არსებობს და ქართული კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დამცველად გვევლინება.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი საბიუჯეტო ხარჯების ზრდის გარეშე საგანმანათლებლო-კულტურული კომპონენტის გაძლიერება, სტრუქტურის ეფექტიანი მენეჯმენტის შექმნით ვიზიტორთა ნაკადების გაზრდა და ამასთან, ახალგაზრდებს შორის მუნიციპალური მუზეუმების პოპულარიზაცია, საგანმანათლებლო სერვისების შექმნა და გავრცელებაა.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციებისა და საზოგადოების მხრიდან წამოსული დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ვაცხადებთ, რომ თბილისის „მუზეუმების გაერთიანების“ სტრუქტურული ერთეული – „ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი“ ამ დროისათვის დამთვალიერებლებისა და ვიზიტორებისთვის დაკეტილია, რადგან სამუზეუმო კოლექციისა და ფონდის აღწერის მიზნით შექმნილმა კომისიამ აღმოაჩინა სამუზეუმო შემოსულობათა წიგნში ექსპონატთა რეგისტრაციის წესებისა და ვადების დარღვევის, არასწორად ჩატარებული სამუზეუმო ინვენტარიზაციის, ექსპონატთა რაოდენობის ხელოვნურად გაზრდის არაერთი ფაქტი და სხვადასხვა ტიპის დარღვევები, რომელიც სრულად არღვევს სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვისა და დაცვის შესახებ არსებულ ინსტრუქციებს.

თბილისის „ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი“ უახლოეს პერიოდში გაიხსნება და ყველა მოპოვებული ინფორმაცია გახდება საჯარო.

თბილისის მუზეუმების გაერთიანების 2017 წლის მიზანია http://tbilisimuseumsunion.ge სრუქტურული ერთეულების, მუზეუმებისა და სახლ – მუზეუმების გაერთიანების ინსტიტუციურ ფორმად ჩამოყალიბება, ახალი საგამოფენო კონცეფციებისა და ექსპოზიციების მომზადება, გაერთიანების ერთიანი საგამოფენო სტრატეგიის შექმნა, საინფორმაციო ბაზებისა და სამეცნიერო მიმართულებების მომზადება და სხვა.

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (იუნესკო), ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო თარიღი – დაბადებიდან 200 წლისთავი 2017 წლის საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული მოვლენების ნუსხაში შეიტანა.

ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი 1982 წელს დაარსდა და დღემდე მოქმედ მუზეუმს წარმოადგენს. მუზეუმში დაცულია დიდი ქართველი რომანტიკოსი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის (1817-1845 წწ.) ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: ეპოქალური ნივთები, ავეჯი, ხალხური საკრავები, XIX ს-ის როიალი, მხატვრული ტილოები, პირველი – 1876 წლიდან დაწყებული პოეტის შემოქმედების გამოცემები, ფოტომასალა, სხვადასხვა კლასიკოსთა ხელნაწერები, ბიბლიოთეკა, წიგნადი ფონდი და სხვა დამხმარე მასალა (სულ 2124 ექსპონატი).; აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანია მუზეუმის შენობის ტიპიც, შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია (თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 31.07.1980 წ. N 14.20.360 გადაწყვეტილებით ნ. ბარათაშვილის სახლ-მუზეუმის „მერანის“ ჩახრუხაძის ქ. N 17/16-ში განთავსების შესახებ). XIX საუკუნის მემორიალური შენობა მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ძველ, კოლორიტულ კალა-უბანში (ჩახრუხაძის ქ. N 17). ეს არის ისტორიულად მნიშვნელოვანი ადგილი საუკუნოვანი ძეგლებითა და გამორჩეული მოსახლეობის ეროვნული სიჭრელით. მუზეუმს ესაზღვრება VI საუკუნის ძეგლი – ანჩისხატის ტაძარი, თბილისის ერთ-ერთი კარის ნანგრევები, ბარათაშვილის თანამედროვე ისტორიკოსის პლატონ იოსელიანის საცხოვრებელი სახლი, გაგრძელებაზე – ერეკლე II-ის მოედანი, სადაც თავის დროს მდებარეობდა ბარათაშვილის დედის, ეფემიასა და ბიძის, გრიგოლ ორბელიანის ორსართულიანი სახლი, საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის კარის წმ. გიორგის ეკლესია;

2017 წელს დაგეგმილია ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარება, რაც გულისხმობს სხვადასხვა პროექტების განხროციელებას, რომელთა მიზანია ფართო საზოგადოებას წარუდგინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ნიკილოზ ბარათაშვილის სახელსა და შემოქმედებას. მოამზადოს საგამოფენო დარბაზები თანამედროვე მუზეოგრაფიის შესაბამისად, შეიმუშაოს საგანმანთლებლო პროგრამები და მიმზიდველი აქციოს დამთავლიერებლისათვის.

თბილისის „ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი“ უახლოეს პერიოდში გაიხსნება და ყველა მოპოვებული ინფორმაცია გახდება საჯარო.

თბილისის „მუზეუმების გაერთიანება“ მზადაა დაინტერესებულ ორგანიზაციებსა და პირებს მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია მუზეუმების გაერთანებისა და მიმდინარე პროცესების შესახებ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ჩვენ ასევე ვხელმძღვანელობთ საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, რომლის თანახმადაც „საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია, ზრუნავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნებაზე.”