Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“თუ თქვენთვის სულერთი არ არის ჩემი ნათქვამი…”

5 თებერვალი, 2017

"თუ თქვენთვის სულერთი არ არის ჩემი ნათქვამი..."მწერალი ლაშა თაბუკაშვილი თავისი შემოქმედებით ამბობს სათქმელს და მკითხველამდე მიაქვს ის სატკივარი, რომელიც მას როგორც რიგით ქართველს, აწუხებს.

თუმცა არის შემთხვევები, როდესაც შემოქმედი ადამიანი თავის მოსაზრებებს ყოველგვარი სალიტერატურო ენის და ლიტერატურული პერსონაჟების გარეშე, ღიად და პირდაპირ გამოხატავს.

ლაშა თაბუკაშვილი:

“ესეც ასე, ნაახალწლევს საზოგადოებრივმა არხმა, “ძვირფასი საჩუქარი” გაუკეთა ქართულ საზოგადოებას, არხის ერთ-ერთ საუკეთესო გადაცემას “გააგრძელე საქართველოს ისტორია”-ს დაფინანსება შეუწყვიტა, ნულოვანი რეიტინგის გამო!

რას იზამ, ალბათ საკუთარი თავიც უნდა დავადანაშაულო, ამ რეიტინგულ გეიმებში, რომ დავგოიმდი, მაგრამ როცა თოთხმეტ ხოშიან ქართულ ფილმს, ნულოვანი რეკლამა და არხის მესვეურთა ყოვლად ინდეფერენტული დამოკიდებულება ახლავს თან, თვითგვემისთვის ნაკლებად თუ მოვიცლი!

მათთვის კი, ვინც უნიჭიერეს მწერალსა და დრამატურგს გურამ ქართველიშვილსა და მის შესანიშნავ შემოქმედებით გუნდს, მრავალწლიანი შრომა შუა გზაზე გაუჩერა, მართლაც და უნდა მოიცალო კაცმა! თუმცა, ასეთი “გამჩერებლები”, როგორც წესი ანონიმურები რჩებიან და ვეჭვობ, რომ სატისფაქცია მივიღო მათგან!

ვიძახოთ ახლა, ეს არხი ჩვენია და რას გვიბედავთო, შორიდან მოგვაწვდენენ ხმას, ტელესპეციფიკის არმცოდნეთ, თქვენზე ზრუნვამ განაპირობა ეს, აბა ნულოვანი რეიტინგით დაღდასმულ შემოქმედებას ხომ არ გაკადრებთ, თუნდაც მაღალხარისხიანსო?! (სიტყვა ნულოვანი ისედაც მძიმე ალლუზიებს იწვევს ჩემში. ამ ნულოვანობას მოჰყვა ის, ავტორს დაღუპული შვილის გლოვაც რომ არ აცალეს და ძმასთან ერთად გლდანის ციხეში უკრეს თავი, მგონი, სულაც გურამის პიესის საპრემიერო დღეებში.) თითქოს და რა მტკიცება სჭირდება საკუთარი ისტორიის ცოდნის საჭიროებას, პასუხსაც არავინ დაახანებს, ეს ხომ კონსტანტაა, ჩემო ბატონოო?! მითუმეტეს, როცა ასეთი ცოდნა, ტბაში ჩაგდებულ ქვასავით, ახალ-ახალ რგოლებს იძენს და კაცობრიობის იტორიის გარკვეულ კონტექსტს გაზიარებს… მაგალითისთვის ერთ-ერთ ბოლო ფილმს მოვიყვან, რომელიც საქრისტიანოს მიერ ვიზანტიის დაკარგვის ტრაგედიას მოგვითხრობს.

ბატონებო და ქალბატონებო, ჭაბუკებო და ქალიშვილებო, თუ თქვენთვის სულერთი არ არის ჩემი ნათქვამი, გთხოვთ ბატონი გურამის ახლახან შექმნილი წერილების წაკითხვას ფეისბუქში. ბევრს იცინებთ, ხან სიმწრით და ხანაც ლაღად… ამ წერილებმა, ბოლო ათი დღის განმავლობაში, ფეისბუქში ტექტონური ძვრები მოახდინა და ასეულობით ადამიანის ადექვატური რეაქცია გამოიწვია.

ეს ყველაფერი საამოა, მაგრამ მალე ახალი პრობლემებით დაიხუნძლება ჰორიზონტი, დაგრილდებიან ვნებები, ფილმები კი, რომლებსაც კაპიკების ამარა ქმნიდნენ გურამი და ძმანი მისნი, აღარ გამოჩნდებიან ეკრანზე…

ასე რომ, მოვიფიქროთ რამე გონიერი, ვიდრე კარვების დაცემა ტელევიზიის წინ, რომ გადაცემა აღდგეს და პირველ არხს, სადაც ბევრი ღირსეული და ნიჭიერი ადამიანი მუშაობს, ჩრდილი არ მიადგეს.

გააგრძელე საქართველოს ისტორია!
ლაშა თაბუკაშვილი

P. S. სიტყვა ხოშიანი არ გეხამუშოთ! საქმის პათოსს უხდება, თორემ შემიძლია მოგახსენოთ, რომ ფილმები გამოირჩევიან ფაქტურული და ნიჭიერი მსახიობებით, ნატიფი თხრობითა და ღონიერი დრამატურგიით.”