25 თებერვალი, 2017

იოსებ გრიშაშვილის დისიდენტური ლექსები

შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე დავით შემოქმედელი საქართველოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს დღეს – 25 თებერვალს პოეტ იოსებ გრიშაშვილს იხსენებს:

“25 თებერვალი, საქართველოს ისტორის შავი დღეა…

1917 წელს იოსებ გრიშაშვილი საჯაროდ ხალხს მოუწოდებდა: ,,დავიცვათ სამშობლო, დავიხსნათ მამული“. მაინც ეგონათ, ქალის სხეულის სილამაზის მეტი არაფერი ახსოვსო.

ლიტერატურის ისტორიას თავიდან გააზრება სჭირდება.

გთავაზობთ, იმ სასტიკ ჩეკისტურ-ათეისტურ პერიოდში დაწერილ ამონარიდებს იოსებ გრიშაშვილის დისიდენტური ლექსებიდან:

***

მართალია დღეს ეს ლექსი ბევრ კომუნისტს გააჯავრებს,
მაგრამ მაინც თამამ სიტყვას მოვახსენებ ახალ მთავრებს:
თქვენ ამბობდით: საქართველომ, რაც გინდ ბევრი გაიბრძოლოს,
დიდ რუსეთის კომუნისტად გადიქცევა მაინც ბოლოს!
ჰა, აღსრულდა თქვენ მოხვედით, ჩვენც მიგიღეთ ცრემლით ცხელით,
მაგრამ ხალხი არ შეგინდობთ, რომ სხვის ხიშტით შემოხველით.
განა ჩვენ არ გვქონდა ტახტი ან ზედ დავსვით ვინმე მეფედ,
რომ ქართველთა წმინდა სისხლი დაღვარეთ და ააშხეფეთ.
ო, ჩვენ ისე შევეჩვიეთ ჩვენს მიწა-წყალს, ჩვენს ფერს, ჩვენს ხმას,
რომ ვერასდროს შევეჩვევით გამარჯვებულ რუსულ ჩექმას.

***

ხოლო ვინმემ თუ გაჰბედა, რომ მოგვსპოს და გადაგვთელოს,
ვიტყვი: მოკვდა საქართველო, გაუმარჯოს საქართველოს!

***

სიზმრად ვნახე საქართველო
სისხლის ტბაში ბანაობდა
და დროშა კი, დაფლეთილი,
კოჯრის თავზე ქანაობდა.

***

ო, ნეტავი თქვენ ვინც აღარა ხართ
და ჩვენი ყოფის არ ხართ მნახველი,
ვინც დაიხვრიტეთ წყებად, მხარდამხარ,
გარეწარების ბინძური ხელით.
წევხართ და გფარავთ მიწის ბარაქა,
გხრავენ ჭიები, გხრავენ მღილები,
ჩვენ კი რანი ვართ, ვინც დავრჩით აქა
ჩვენ, სულიერად დახვრეტილები.”