15 თებერვალი, 2017

სამხედრო ამბავი მოზარდ მაყურებელთა თეატრში

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე სამხედრო ამბავი გათამაშდება.

25, 26 და 28 თებერვალს 19:00 საათზე, თეატრის დიდ სცენაზე პრემიერაა. ცნობილი ამერიკელი მწერლის ნილ საიმონის პიესას „ბილოქსი ბლუზი“ რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი დგამს. პიესა ქართულად ანანო მირიანაშვილმა თარგმნა. დამდგმელი მხატვარი ლომგულ მურუსიძეა. სპეციალურად „ბილოქსი ბლუზისთვის“ ორიგინალური მუსიკა დაწერა კომპოზიტორმა მიხეილ მდინარაძემ. სასცენო მოძრაობა პაატა მხეიძეს ეკუთვნის, ხოლო ქორეოგრაფია ანანო სამსონაძეს. რეჟისორის თანაშემწე კი თამაზ ქარაულია.

სპექტაკლში მონაწილეობენ ნიკოლოზ ნანიტაშვილი, ნიკოლოზ ფაიქრიძე, გიორგი შავგულიძე, შალვა ანთელავა, გიორგი ჯიქურიძე, გიორგი ყორღანაშვილი, თორნიკე ქინქლაძე, ვანო დუგლაძე, ირაკლი გოგოლაძე, გიორგი ოქრუაშვილი, ნინო ანდრიაძე და მარიამ ხუხუნაიშვილი.

„ბილოქსი ბლუზი“ – ნილ საიმონის ნახევრად ავტობიოგრაფიული ნაწარმოებია და მწერლის ტრილოგიის, „ბრაიტონ ბიჩის მეომუარების“ მეორე ნაწილს წარმოადგენს. 6 ახალწვეული ამერიკელი ბიჭის ამბავი – ყველა დროისთვის აქტუალურია. მათ ჯარში მეორე მსოფლიო ომის დროს გაიწვევენ. ისინი ფრონტის ხაზამდე, მისისიპის შტატის ქალაქ ბილოქსის საწვრთნელ ბაზაზე სამხედრო მომზადების კურსს გადიან. ახალგაზრდებს ბევრი რამის სწავლა და განცდა მოუწევთ. უპირველეს ყოვლისა რთული ხასიათის მქონე, მკაცრი სერჟანტის მერვინ ტუმის ხელში, შემდეგ კი რეალური ფრონტის ხაზზე. უგემური საჭმელი, დისკომფორტი, დაძაბული სამხედრო რეჟიმი და ამ ფონზე აგებული ახალი ურთიერთობები, სანატრელი დასვენების დღეები, ქალის პირველი ალერსი და პირველი სიყვარულის თავბრუდამხვევი სიტკბოება – ასეთ გზას გადის პიესის მთავარი პერსონაჟი იუჯინ ჯერომი.

სპეციალურად „ბილოქსი ბლუზისთვის“ მოზარდ მაყურებელთა თეატრსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის უპრეცენდენტო თანამშრომლობა შედგა. საქართველოს თავდაცვის უწყება თეატრს სამხედრო ამუნიციით დაეხმარა და ვაზიანის სამხედრო ბაზაზე საპრემიერო სპექტაკლის პრომოს გადაღების უფლება მისცა.

მოზარდ მაყურებელთა თეატრი მადლობას უხდის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაწეული დახმარებისთვის!