14 იანვარი, 2017

სოხუმის თეატრი ახალ ცხოვრებას იწყებს

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი ახალ ცხოვრებას იწყებს. 24-წლიანი მოგზაურობა თბილისის ერთი თეატრიდან მეორეში დასრულებულია.

სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის დავით საყვარელიძის ინფორმაციით, თეატრს ახალი ოფისი და სარეპეტიციო დარბაზი გადაეცა, რომლის პრეზენტაციაც 15 იანვარს გაიმართება.

დავით საყვარელიძე:

“მას შემდეგ რაც ჩვენმა დასმა 1993 წელს იძულებით დატოვა სოხუმი, თბილისში დაიწყო მოღვაწეობა.

9 წლის განმავლობაში შეგვიფარა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმღვანელმა ბატონმა რობერტ სტურუამ და თეატრის დირექტორმა გია თევზაძემ. შემდეგ რამდენიმე წელი მარჯანიშვილის თეატრმა მიგვიღო. ლევან წულაძემ და ეკა მაზმიშვილმა საოცარი მასპინძლობა გაგვიწია. ამის შემდეგ სამეფო უბნის თეატრმა გამოგვიწოდა დახმარების ხელი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ბატონ მერაბ თავაძეს. შემდეგ ავთო ვარსიმაშვილმა შეგვიკედლა თავისუფალ თეატრში. 2013 წლიდან ირაკლი გოგიამ გაგვიღო ახმეტელის თეატრის კარი, სადაც დღემდე ვმართავთ წარმოდგენებს.

უღრმესი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის!

მიუხედავად ასეთი მეგობრებისა და თანადგომისა, დაგვეთანხმებით, რომ თეატრის სრულფასოვანი მუშაობისთვის საჭიროა საკუთარი ბინა, შენობა, სადაც თეატრი უფრო ნაყოფიერად შეძლებს საქმიანობის წარმართვას.

უნდა ვაღიაროთ, რომ 1993 წლიდან ვერცერთმა მთავრობამ ვერ მოახერხა სოხუმის თეატრისთვის თუნდაც პატარა თავშესაფარის გამონახვა. დღეს კი სასიხარულო ამბავს ვზეიმობთ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ გადმოგვცა სარეპეტიციო და საოფისე ფართი. როგორც იქნა თეატრმა საკუთარი ბინა შეიძინა. დევნილობაში მყოფი თეატრისთვის ეს დიდი საჩუქარია. დღეს დევნილთა საკითხები ყველაზე აქტუალური პოლიტიკური პრობლემებია. ამ თემებზე ევროპის და მსოფლიო უამრავი \საერთაშორისო ორგანიზაციები მუშაობენ. ჩვენც დავიწყეთ ამ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. საკუთარი შენობის, მისამართის მოპოვება ერთ-ერთი ფუნდამეტური ნაბიჯია განვითარების გზაზე.

გვინდა პირადად დიდი მადლობა გადავუხადოთ ბატონ დიმა ჯაიანს, რომელმაც გადაარჩინა სოხუმის გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო თეატრი გაქრობისგან და ახალი შენობის გადმოცემაში მთავარი როლი შეასრულა.

აქვე გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ბატონ ვახტანგ ყოლბაიას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, რომელმაც გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი სატკივარი და ეს დიდებული საქმე დააგვირგვინა.

ყველას გიზიარებთ დიდ სიხარულს!

15 იანვარს 19:00 საათზე გაიმართება ჩვენი ახალი ოფისის და სარეპეტიციო დარბაზის პრეზენტაცია, სადაც მოწვეულნი არიან აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, საქართველოს კულტურის მინისტრი, თეატრმცოდნეები, ჩვენი მეგობარი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები, რეჟისორები, მსახიობები და ჟურნალისტები, რათა დავათვალიერებინოთ და მათი მოწონებულით ვიტრაბახოთ!”