6 იანვარი, 2017

სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრიდან თანამშრომლები გაუშვეს

სასაცილოს, სატირალი რომ არ იყოს – სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრიდან, რომელიც 27 ადამიანისგან შედგება, თანამშრომლები გაუშვეს.

ამას ისიც დაემატა, რომ თეატრში დეკემბრის ხელფასი არ დარიგდა და თანაც მინიმალურ ხელფასს თანხა დააკლდა.

ინფორმაცია სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, მსახიობმა ჯაბა ჯანაშიამ გაავრცელა:

“ქვეყანაში, სადაც 27 ადამიანისგან შემდგარ თეატრს, რომელსაც არანაირი სადადგმო ხარჯი არ გააჩნია და ბიუჯეტში თანხა შეაქვს რამდენიმე ათასი, იმას კიდევ რომ შეამცირებ, დეკემბრის ხელფასს არ დაურიგებ და რაც აქვთ, იმ ხელფასსაც დაუკლებ, თან ამ დროს პირდაპირ ეთერში ამბობენ, რომ ხელფასი დარიგდაო, აი ამას რამდენი სახელი შეიძლება მოვუძებნოთ!!! გულის ამრევია ეს ყველაფერი!”

“არტ ინფო” ჯაბა ჯანაშიას დაუკავშირდა:

“თეატრიდან გაუშვეს 2 მსახიობი და 3 ადამიანი ადმინისტრაციიდან. დანარჩენებს ყველას ხელფასები დაგვაკლეს. უბრალოდ საოცრება ხდება. აფხაზეთის სახელოვნებო სტრუქტურებში ყველაზე მეტი თანხა ამ თეატრმა შეიტანა ბიუჯეტში და, აი, რით გადაგვიხადეს. რაც შეეხება პირობებს, უბრალოდ ვერ წარმოიდგენთ რა პირობებში ვმუშაობთ… და მაინც ვმუშაობთ. თეატრს რა პრობლემა უნდა ჰქონდეს, ისედაც ლამის გაანადგურეს!!! ყველაზე საშინელება ის არის, რომ აფხაზეთის კულტურის სამინისტროდან არავინ არ მოსულა, რომ აეხსნა მაინც. ბატონი დიმიტრი ჯაიანი (მინისტრი) იყო იბერიაზე ახალი წლის დღეებში და ნახეთ რა კარგად იცრუა, დარიგდაო ხელფასი და იქ თეატრში მოხდაო რაღაცა. მე ვიცი რომ ყველაფერი შემცირდა, მაგრამ ყველა თეატრს აქვს სხვა ხარჯები ბიუჯეტში ჩვენს გარდა და მაშინ ისიც გვქონოდა და პირადად ხალხზე ასე არ აისახებოდა.”