11 იანვარი, 2017

”შური და ბოღმა აღარაა საჭირო!”

საქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრი ჯერჯერობით ერთადერთია, რომელმაც გაბედა და შოთა რუსთაველის უკვდავი პოემა “ვეფხისტყაოსანი” სცენაზე გააცოცხლა.

თეატრის დამაარსებელმა ამირან შალიკაშვილმა მსახიობებთან ერთად “ვეფხისტყაოსნის” გმირები XXI საუკუნეში თეატრის სცენაზე გადმოიყვანა.

სპექტაკლს დიდი მოწონება ხვდა წილად როგორც რიგითი მაყურებლის, ასევე თეატრალური სამყაროს წარმომადგენლების მხრიდან.

14 იანვარს ქართული თეატრის დღეა. ამ დღეს თეატრის მოღვაწეთა კავშირი საუკეთესო რეჟისორებს, მსახიობებს და სპექტაკლებს აჯილდოვებს. ამირან შალიკაშვილი ჯუნიორი დარწმუნებულია, რომ პანტომიმის თეატრის “ვეფხისტყაოსანი” პრანპრის ღირსია.

ამირან შალიკაშვილი ჯუნიორი:

“ხმამაღლა ვაცხადებ, თუ თეატრალურმა საზოგადოებამ “ვეფხისტყაოსანს” გრანპრი არ მისცა, ეს იქნება მათი სირცხვილი და არასამართლიანი გადაწყვეტილება…

არ ვსაუბრობ ამას იმიტომ, რომ მამაჩემის დადგმულია! არა! უბრალოდ ეს შედევრია და შალიკაშვილმა ამ სპექტაკლით თავის ცხოვრებაში რაც შედევრი შექმნა, ყველაფერს აჯობა!
რაც კი ქართული თეატრი შეიქმნა არასდროს დადგმულა შოთა რუსთაველი!

“ვეფხისტყაოსანთან” დაკავშირებით დაიბეჭდა უამრავი რეცენზია და სპექტაკლი უნვე მიწვეულია რამოდენიმე დიდ ფესტივალზე, რასაც მალე გაიგებს ქართველი მაყურებელი.

ამას წინასწარ იმიტომ ვამბობ, არ მაქვს იმედი, რომ გრანპრის მოგვცემენ, იმიტომ რომ რასაც ვუყურებ, სულ მამაჩემს ებრძვიან, მაგრამ ახლა აქ შური და ბოღმა აღარაა საჭირო! აქ ვსაუბრობთ დიდ მოვლენაზე და ერთადერთ ფაქტზე.”