11 იანვარი, 2017

რუსთაველის თეატრიდან 5 თანამშრომელი გაუშვეს

ოპტიმიზაციის პროცესმა რუსთაველის თეატრის 5 თანამშრომელი შეიწირა. როგორც თეატრის იურისტმა ლაშა გოგინაშვილმა “არტ ინფოს” განუცხადა, ამის მიზეზი თეატრის ბიუჯეტის შემცირება გახდა.

ლაშა გოგინაშვილი:

“თეატრის ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ეცადა ბიუჯეტის შემცირება უმტკივნეულოდ ასახულიყო თანამშრომლებზე. რა ფორმით განვახორციელებდით ოპტიმიზაციის პროცესს ჩვენი არჩევანიც იყო და გარკვეული რეკომენდაციებიც მივიღეთ.

რუსთაველის თეატრში 2 შტატი გაუქმდა და 2 სამსახური თეატრის შიდა შემოსავლებზე იქნა აყვანილი. სამსახურიდან გათავისუფლდა პიარიდან 1 თანამშრომელი, 1 მენეჯერი, ბატონი რობერტ სტურუას 1 მრჩეველი, 1 რეჟისორის თანაშემწე. თანამშრომლები შემცირდა მხოლოდ იმ სტრუქტურებში, სადაც თეატრის მუშაობა არ შეფერხებოდა.

რაც შეეხება დასს, დასიდან მხოლოდ ზაზა პაპუაშვილი გათავისუფლდა. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო თეატრის ხელმძღვანელმა. ყველაფერი მოხდა კანონის სრული დაცვით არა მარტო ზაზა პაპუაშვილთან, არამედ ყველა თანამშრომელთან მიმართებაში. მას გაეგზავნა მადლობის წერილი ბატონი რობერტ სტურუას ხელმოწერით. ზაზა პაპუაშვილს თეატრიდან გათავისუფლების მიუხედავად, თუ სურვილი ექნება, ნებისმიერ დროს შეუძლია ითანამშრომლოს თეატრთან და სპექტაკლებში ითამაშოს.”