Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ეს არის ჩემი პროტესტი”

23 იანვარი, 2017

"ეს არის ჩემი პროტესტი"მწერალი გურამ ქართველიშვილი მრავალწლიან დუმილს არღვევს და იმ სირთულეებზე საუბრობს, რაც მან და მისმა ოჯახმა გადაიტანა:

”მე პროტესტისთვის სხვა იარაღი აღარ დამრჩა და იძულებული ვარ… იქნებ კულტურა მაინც გამოვგლიჯოთ ხელიდან!!!

ალბათ ყოველი თქვენთაგანი ფიქრობს თავისთვის გულში, რამ ამოაღებინა ხმა ამდენხანს ჩუმად მყოფ ადამიანსო.

ვინც მიცნობს იცის, რომ უკვე თორმეტი წელიწადია დაჟინებით ვცდილობ ხელიდან არ გავუშვა მომენტი თეატრსა და ტელე-ინტერნეტ სივრცეში გავიტანო და პოპულარული გავხადო ქართული თემა. უკვე იმასაც ხმამაღლა ვიტყვი, რომ ამ პერიოდში არაერთი უბედურება გადაიტანა ჩემმა ოჯახმა ჯიუტი ქართველობისთვის. როდესაც თეატრებმა (მიუხედავად სპექტაკლების წარმატებისა) კარი მოუხურეს ჩემს პიესებს, გიორგი შალუტაშვილთან ერთად, მაინც დავდგით პიესა „ცერკოვნი ბუნტი“ ახმეტელის თეატრში, რისთვისაც დავისაჯეთ.

2008 წლის 12 დეკემბერს „ცერკოვნი ბუნტი“-ს პრემიერიდან ორი დღით ადრე დამიჭირეს (რატომ და რისთვის შემდეგ წერილებში მოგახსენებთ), ახმეტელის თეატრთან ჩამატარეს ბადრაგის თანხლებით და გლდანის მერვე იზოლატორში მიკრეს თავი. შვილი რამდენიმე თვის დასაფლავებული მყავდა, ძმას უკვე 14 წელი ჰქონდა მისჯილი (მისი და ჩემი სიჯიუტის გამო ის ციხეში გატარებული 7-დან 4 წელი იზოლატორში ამყოფეს), მამა ლოგინად იყო ჩავარდნილი, დედა მძიმე ავადმყოფი, ხოლო ჩემი და ჩემი ძმის ოჯახები ბედის ანაბარა დაყრილი. მე ადრე გავთავისუფლდი იმ ადამიანების წყალობით, რომლებმაც იცოდნენ ჩემი საქმის ფასი. მერე ციხეში მძევლად დატოვებულ ჩემს ერთადერთ ძმას გავუწიე ანგარიში და გავჩუმდი, რადგან აღარ მინდოდა კიდევ ერთი კუბო გამეტანა ისედაც გამწარებული ოჯახიდან.

ციხიდან გამოსულს, ისევ ამ საქმის გულშემატკივრებმა მიპატრონეს და ქალბატონ დარეჯან კუხიანიძის თავდაუზოგავი მეცადინეობის შედეგად მოვხვდი საზოგადოებრივ მაუწყებელში. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მაშინდელმა დირექტორმა გია ჭანტურიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ „გააგრძელე საქართველოს ისტორია“ ეთერში გასულიყო. იმ ანტიქართულ გარემოში, მერწმუნეთ, ქართული საქმის ეთერში გატანა იოლი საქმე არ იყო. ჩვენს წამოწყებას კედელივით გაუმაგრა ზურგი მამუკა ხაზარაძის ფინანსებმა და ტელევიზია „ერთსულოვნებამ“, რომლის ეთერიდანაც მამა ზურაბ ცხოვრებაძე მუდმივად გვიკეთებდა პიარს.

როდესაც ქართული საქმის კეთება გინდა საქართველოში, თან იმ საქართველოში, რომელშიც ქართულ საქმეს პატრონი არ ჰყავს, ჩუმად უნდა აკეთო. ეს ჩემი მოგონილი არ არის, ასე იქცეოდნენ ჩვენი წინაპრები, როდესაც საქართველოში გადამთიელები ისხდნენ ბატონებად.

ეს რაც შეეხებოდა ჩემს დუმილს.

ახლა იმ ამბავს მოგახსენებთ, რისთვისაც აგაფორიაქეთ ამ შობა-ახალ წელს. თურმე , ნუ იტყვით და, ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტს „გააგრძელე საქართველოს ისტორია“, კვლევის შედეგად არც მეტი, არც ნაკლები, ნული პროცენტი ჰქონია რეიტინგი. ცოტა არ იყოს გავოცდი, რადგან, როგორც ამას წინათაც მოგახსენეთ, უკვე ათი დღეა კომპიუტერთან ვზივარ, რაც არ მიკეთებია-მეთქი იმას ვაკეთებ და ეკრანს მივშტერებივარ. თურმე რამდენი გულშემატკივარი გვყოლია! ჩემს მიერ დადებული წერილების წამკითხველთა რაოდენობას და კომენტარებს ხომ საზღვარი არ აქვს. ქართული თემისადმი ინტერესი როგორია მაყურებელში, ვის ვის და, მე არ მესწავლება. ნებისმიერ ექსპერტზე უკეთ ვიცი ეს. თუმცა ჩვენში ხომ ხალხი ყოველთვის სხვა სივრცეშია და რეიტინგის ოფიცდამთვლელები სხვაში.

ახლა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს, იგივე ბორდს მივმართავ. პატივცემულებო, თუ საქართველოს ისტორიას საქართველოს მაყურებელში ნული აქვს რეიტინგი, თქვენ, ამ ქვეყნის მზრუნველებს და მეთვალყურეებს არ გაწუხებთ ეს?! თავზარი არ გეცემათ იმის აღმოჩენით, რომ საკუთარი ისტორია არ აინტერესებთ ქართველებს?! რატომ არ გიჩნდებათ ქვეყნის მოყვარულის ბუნებრივი სურვილი, რომ ორას ჩვიდმეტი წლის განმავლობაში იმპერიებისგან წართმეული ისტორიული მეხსიერება დაუბრუნოთ ხალხს, ან ხალხი დაუბრუნოთ ისტორიას?! არ მოგივიდათ თავში, რომ ეკრანიდან სამი წლის გაძევებულ პროექტს უფრო უკეთესი შეფუთვა და რეკლამა სჭირდებოდა, რათა საზ. მაუწყებლის თითზე ჩამოსათვლელ მაყურებელს გაეგო, რომ პროექტი ისევ გრძელდება და რეიტინგიც არ ყოფილიყო ნული?!

თუ ინკოგნიტო კაბინეტებიდან მიღებულმა მითითებებმა გადაგაწყვეტინათ „გააგრძელეს“ დასამარება? არადა თქვენ წყვეტთ, პატივცემულებო, რაზე უნდა დაიხარჯოს ფული და რას უნდა უყუროს ჩვენმა მაყურებელმა საზოგადოებრივის ეკრანებზე. ძლივს ფეხადგმულ საქმეს რომ აჩერებთ, თქვენც ხომ იმ ადამიანების ვრცელ სიაში ეწერებით, ვინც ორასი წლის განმავლობაში ავიწყებდა ქართველს თავის ვინაობას! განა ასეთი „მეთვალყურეების“ გამო არ ხდება, რომ ვერც თავისუფალ საქართველოში შევძელით ქართველებმა საქართველოს ისტორიის პოპულარიზაცია, სხვა ბევრ სხვა ქართულს რომ თავი დავანებოთ?!

ჩემო საქართველოს მოქალაქეებო, პასუხი ხომ აქაც მარტივია, მაგრამ მართალი – ასეთი სახელმწიფოებრივი აზროვნების მოქალაქეები ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელში არ უნდა მუშაობდნენ. სხვა საქმეში ღმერთმა ხელი მოუმართოთ – იმ საქმეში, რაც უკეთ გამოუვათ, მაგრამ აქ არა!!! მე ხომ ვიცოდი, რომ ეს ასე მოხდებოდა! ამიტომაც მათხოვრული ბიუჯეტით, თქვენ რომ ბევრს ეძახით, 13 სერიის ნაცვლად 14 გადავიღე (ჩემი მეგობრების დახმარებით), რათა თქვენთვის არგუმენტი არ დამეტოვებინა პროექტის შესაჩერებლად. უბრალო ადამიანური კოდექსი ითვალისწინებს იმას, რომ ასეთ შემთხვევაში, ერთი წელიწადი, ისევ თქვენს გამო, ვირულ პირობებში ნაშრომი ადამიანი დაიბარო და პირში უთხრა სათქმელი, თუ რამე გაქვს.

ჩემო თანამოქალაქეებო, მიუხედავად თქვენი მოთხოვნებისა, წერილებისა, პეტიციებისა და ზღვა მხარდაჭერისა, არც ბორდიდან და არც ახალი ხელმძღვანელობიდან არავინ დაინტერესებულა საქართველოს ისტორიის ბედით ჩვენს ეკრანებზე. ჩემო კარგებო, ნებისმიერი თქვენგანი ჩემს ადგილზე რომ იყოს, ხომ დაებადებოდა ამ 12 წლის მანძილზე ბუნებრივი შეკითხვა – მარტო ჩემია ეს საქმე??? არადა მარტოკაცს სხვა იარაღი აღარ დამრჩა ხელში და იძულებული ვარ „გააგრძელე საქართველოს ისტორია“ გავაჩერო. დარჩენილი 5 სერია ეთერში აღარ გავა, რა აზრი აქვს, სახელმწიფოებრიობანას ვთამაშობთ???

ეს არის ჩემი პროტესტი.

ამ წერილების კვალობაზე გიორგი შალამბერიძე შეგვეხმიანა, როგორც ყოველთვის, თავისი ნიჭიერი ლექსით. ჩავიხედოთ, ქართველებო, პოეზიის სარკეშიც:

„სხვათა თაყვანით, მუხლზე ხოხვით, თითქოს ავყვავდით,
როცა სხვის ომში, მამლუქებად მონად გავყავდით…
უცხოთა ხოტბით, მათი ქებით, მათი თაყვანით,
გამოვთაყვანდით, ძმაო ჩემო, გამოვთაყვანდით“.