Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“აი, ასეთი წინაპრები გყავდათ”

13 იანვარი, 2017

"აი, ასეთი წინაპრები გყავდათ"– ჩემო ქართველო ქალებო, აი, ასეთი წინაპრები გყავდათ, – წერს მწერალი გურამ ქართველიშვილი და საზოგადოებას უცხოელი მწერლის ჩანაწერს აცნობს, რომელიც ქართველ ქალებზეა.

გურამ ქართველიშვილი:

“როდესაც უცხოელი წერს შენზე, შენს საზოგადოებაზე და ზნე-ჩვეულებაზე ამა თუ იმ ეპოქაში, ორმაგად საინტერესოა, თანაც თუ ეს უცხოელი სანდოა.

თადეუშ კრუსინსკი 1718 წელს დაინიშნა ისპაჰანში იეზუიტთა წარმომადგენლობათა გენერალურ პროკურორად. იყო შაჰის კართან დაახლოებული დიპლომატიც, რადგან საფრანგეთის საკონსულოში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ირანის შესახებ მისი რელაციები, ჩანაწერები და მემუარები მაშინდელი ევროპის პირველი პირებისთვის სანდო ინფორმაციულ წყაროს წარმოადგენდა და ჯერ კიდევ 277 წლის წინ გამოიცა დასავლეთში რამოდენიმე ტომად. ეს იყო დრო, როდესაც მთელ ირანში შაჰის კარიდან დაწყებული ბოლო ქალაქამდე ქართველებს ეჭირათ დიდი თანამდებობები.

იმ ეპოქის ირანში მოღვაწე ფრანგი მისიონერი სანსონი ვატიკანში გასაგზავნ რელაციაში წერდა: „იმპერიაში ყველაზე დიდი თანამდებობები ეკუთვნით ქართველებს, რომელთაც შეუძლიათ შაჰს დიდი დარტყმა მიაყენონ, მაგრამ შაჰი ბრძნულად მართავს მათ, ურიგებს რა თანამდებობებს, ხოლო ვისაც არ ერგო ეს პატივი, ხელი მიუწვდება ხაზინაზე და შაჰის სუფრაზე“.

ამ დროს კრუსინსკი გვატყობინებს: „ქართველები მოჩვენებით იღებენ მაჰმადიანობას და სამსახურის დამთავრების შემდეგ, ისევ უბრუნდებიან ქრისტიანობას.“ სწორედ იმ დროს გოდებს ახალი ქართლის ცხოვრებიდან ბერი ეგნატაშვილი – და იწყო ქართულმან წესმან და რიგმან გარდაცვალებადო. დიდ იმპერიაში მოასპარეზე ქართველობა, თანდათან ქართულ ცხოვრების წესს შეეჩვია. აქა-იქ მრავალცოლიანობამაც კი მოიკიდა ფეხი, თურმე.

და ასეთ დროს ქართულ საზოგადოებას ისევ და ისევ ქართველი ქალი მოევლინა მხსნელად. კრუსინსკი გადმოგვცემს იმ ჩალმიანი მამაკაცების მეუღლეებზე, რომელთაც თითქმის ყოველ დღე ხედავდა მისი მდგომარეობიდან გამომდინარე: „ქართველი ქალები ქმრებს ქრისტიანებად უზრდიან შვილებს, რადგან მაშინაც კი არ თმობენ ქრისტიანობას, როდესაც მათი ქმრები მაჰმადიამდებიან. ისინი მეტად ლამაზები არიან, თანაც ამ სილამაზეზე იმდენს ზრუნავენ, რომ სულიერი მამაცობის მაგალითს წარმოადგენენ. ამის საპირისპიროდ მამაკაცივით შეიარაღებულნი და წაღებში გამოწყობილნი დაიარებიან სანადიროდ და არაფრით ჩამოუვარდებიან ქმრებს…

ქართველ ქალებს საშუალება აქვთ პირველები იყვნენ შინ და გარეთ. ისინი მთელს აღმოსავლეთში განთქმულნი არიან არა მარტო სილამაზით, არამედ ერთგულებით… ყოველი ქართველი ბატონი, თავისი ქონების შესაბამისად, თავს მოვალედ თვლიან ცოლის სახელზე ააგონ ეკლესია…

მუსულმანებზე გაყიდული, ან იძულებით გათხოვილი ქართველი ქალები ხშირად სიკვდილს ამჯობინებენ რწმენის გადასარჩენად.“

როცა ეს ტექსტები იწერებოდა XVIII საუკუნის დასაწყისი იდგა. ქართველ ხალხს უკვე გადატანილი ჰქონდა 5 საუკუნოვანი გენოციდები და წინ, არანაკლები, სამსაუკუნოვანი უბედურება ელოდა.

ქართველებო, გილოცავთ ახალ წელს!”