Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“25 იანვარი მოდის – მიხა ხელაშვილის დღესასწაული!”

21 იანვარი, 2017

"25 იანვარი მოდის - მიხა ხელაშვილის დღესასწაული!"ვაჟა ფშაველას შთამომავალი ლელა რაზიკაშვილი ქართულ საზოგადოებას ცნობილი სახალხო პოეტის მიხა ხელაშვილის დაბადების დღეს ახსენებს, რომელიც 25 იანვარსაა.

მიხა ხელაშვილთან დაკავშირებით, ლელა რაზიკაშვილი ძალიან საინტერესო ფოტოს აქვეყნებს, არანაკლებ საინტერესო ისტორიით.

ლელა რაზიკაშვილი:

“ამ ფოტოს უკვე მესამედ ვაზიარებ, ამჯერად ბევრად უკეთესი ხარისხით და მისივე ისტორიით!
შუაში ვაჟა–ფშაველას უფროსი ვაჟი ლევანი დგას. მარჯვნივ მიხა რაზიკაშვილია, ვაჟას დისშვილი, ასევე რეპრესირებული. 37–ში დახვრიტეს. მარცხნივ კი იოსებ მთვარელიძეა, ლევანის ცოლისძმა და მეგობარი.

ამ ორი ქალბატონიდან მარცხენა ლევანის ცოლია, თამარი. მარჯვენივ კი სალომეა, მიხა ხელაშვილის და.

აი ის სალომე, მიხას მკვლელობის ადგილიდან, მოკლულის ნაწილები კალთით რომ აკრიბა და დედის გვერდით დაასაფლავა, მერე ძმის ნეშტი მოიპარა დუშეთის პოლიციის ეზოდან და ჩარგალში ჩააპარა, ჩუმად, ქურდულად, თავდასხმის მოლოდინში მთელი ღამე რომ თხრიდა საფლავს!

ეს ფოტო 1919 წელს არის გადაღებული გორში. სალომე, ჩარგლის ეკლესიის მოძღვრის, თევდორე ჟამიაშვილის ცოლი, უკვე მეგობრობს ლევან რაზიკაშვილის ოჯახთან. აქ ჩანს, რომ საზეიმოდ გამოწყობილი, გორში სტუმრობს თავის დობილს, თამარს.

ლევანი ჯერ კიდევ არ არის გადმოსული ჩარგალში საცხოვრებლად. ჯერ არც მიხა ხელაშვილი გადმოსულა ჩარგლის ეკლესიაში მედავითნეთ, მაგრამ ორივე ძალიან მალე, თითქმის ერთდოულად (1919–20 წ) ჩამოვლენ აქ და თითქმის ერთდროულად, თავიანთი სისხლით დაწერენ საქართველოს ისტორიის რამდენიმე ფურცელს! ბრძოლის, ღალატის, თავდადებისა და გმირობის ფურცლებს!

ამ ფოტოზე, აპარატთან მოკეკლუცე ქალბატონებმა, ჯერ კიდევ არ იციან, რამდენი ღამის გატარება მოუწევთ ერთად, ტყეში, დახვრეტის შიშით გახიზნულებს!

ჯერ კიდევ არ იციან რა კალო დატრიალდება მათ ქვეყანაში და მათ ოჯახებში! თუ სალომე იმას მაინც ახერხებს, რომ მკვდარი ძმა მოიპოვოს, თამარი ვერასოდეს ვერ ნახავს ვერც მეუღლეს, ვერც მის საფლავს!

როდესაც მიხეილ მთვარელიძე, აი ის პირველი რომ დგას ფოტოზე, თავისი დაქვრივებული დისა და დისშვილების გორში წასაყვანად ჩარგალში ჩამოვა, ცხენზე გადაკიდებულ ხურჯინში, აქეთ–იქედან, ლევანის პატარა ქალებთან ერთად, ხელაშვილის ფოტოც დევს. სალომე თავისი ძმის ფოტოს თამარს გაატანს ჩუმად, შესანახად. რომ უპოვონ ცეცხლში დაწვავენ ფოტოსთან ერთად. თამარი კი დიდი საფრთხის მიუხედავად წაიღებს და ათწლეულების მანძილზე ინახავს!

ასე გადარჩება მიხა ხელაშვილის ერთადერთი ფოტო, თეთრი ჩოხა–ახალუხით!

მეორე, ფოტო, მარხილზე, მიცვალებული მიხა, თავად ბოლშევიკებმა გადაიღეს საქმეში ჩასაკრავად!

25 იანვარი მოდის, ხელაშვილის დღესასწაული! მისი ლექსის და გმირობის თაყვანისმცემლებს მოწვევა არ სჭირდებათ, ისინი თავად არიან ამ დღეს მასპინძლები!
დიდი თოვლი იქნება, მაგრამ დიდი დღეც!
კიდევ ბევრ საინტერესო ფოტოს და ამბავს გპირდებით მიხას დღეზე!
25–25–25
ოთხშაბათი, 1 საათი, ჩარგლის პანთეონი!
გელოდებით!”