17 იანვარი, 2017

ხელოვნების სასახლის საჩუქარი საქართველოს

2017 წელს 100 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც ექვთიმე თაყაიშვილმა ტაო-კლარჯეთში იმოგზაურა. ეს იყო უდიდესი მოვლენა ქართული მეცნიერების ისტორიაში და დღემდე ლეგენდარულ ექსპედიციად რჩება. მონაწილეთა არქივები დღემდე ინახება ხელოვნების სასახლეში, აქვეა დაცული დიმიტრი შევარდნაძის, მიხეილ ჭიაურელის, კირილე ზდანევიჩის, ერმაკოვის, კალგინის და სხვათა საინტერესო ფოტო დოკუმენტები.

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი:

“ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ჩვენი მუზეუმი ამზადებს დიდ ალბომს, სადაც თავს მოიყრის უნიკალური ფოტო მასალა, ესკიზები და ანაზომები. ამ პროექტის ფარგლებში ერთი საინტერესო იდეა გაჩნდა, კერძოდ, მხატვრული რეკონსტრუქციის გაკეთება იმ ისტორიულ პირებთან მიმართებაში, რომელთა გამოსახულებები ავბედთობის გამო სამუდამოდ დავკარგეთ. მათ შორის გახლავთ ერისთავთ-ერისთავი, ბაგრატიონთა კლარჯეთის შტოს წარმომადგენელი, გურგენ I კურაპალატის ძე, ტბეთის საკათედრო ტაძრის დამაარსებელი აშოტ კუხი.

მისმა ბარელიეფმა დაზიანებული სახით მოაღწია. მთლიანად განადგურებული სახისა და თავის ფრაგმენტიდან შემორჩენილი იყო მხოლოდ აღმოსავლური თავსაბურავის ნაწილი. სამაგიეროდ, ხელთ გვქონდა ტანსაცმლის ვახტანგ ჯობაძისეული შესანიშნავი გრაფიკული რეკონსტრუქცია, ზაქარია ჭიჭინაძის წიგნში შეტანილი აშოტის პორტრეტი (თვითნასწავლი მხატვრის მიერ ტბეთიდან გადმოხატული), იმ პერიოდის ქსოვილთა ფრაგმენტების ფერები და თანადროული ბარელიეფები კავკასიის სხვადასხვა ტაძარზე.

ერთთვიანი ფიქრის, დავისა და მუშაობის შემდეგ შედეგი სახეზეა – ერისთავთ-ერისთავის გამოსახულება აღდგენილია. რა თქმა უნდა, ეს მხატვრული რეკონსტრუქციაა, თუმცა მაქსიმალურად ვეცადეთ, ისტორიულ სინამდვილეს მივახლოვებოდით. განსაკუთრებით ეს ქსოვილს ეხება, აშოტს „სტავრა ლომოვანი“ აცვია, ხოლო ბისონი ისევეა შემკული, როგორც თამარისა ვარძიის ფრესკაზე.

ამჟამად ოშკის უნიკალურ ბარელიეფებზე ვმუშაობთ – ბაგრატ ერისთავთ-ერისთავსა და დავით მაგისტროს მართლაც რომ საუცხოო ტანსაცმელი მოსავთ. ეს ძვირფასი მასალა იმ დიდ ალბომში შევა, რომელიც 1917 წლის ექსპედიციას მიეძღვნება და რომელიც, იმედი მაქვს, წლის ბოლომდე გამოვა.”

ეს მხატვრული რეკონსტრუქცია ასევე შევა კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებულ კრებულში “ქსოვილი საქართველოდან” (ავტორები: კალანდია, საგანელიძე). რეკოსტუქციის იდეის ავტორი გიორგი კალანდიაა, მხატვარი კი არტემ ანტანოსი.