21 იანვარი, 2017

გიორგი მიქაძემ ჯაზის რეზიდენტურის პროგრამის გრანტი მოიპოვა 

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული უნივერსიტეტების Berklee Collage of Music–ისა და Manhattan School of Music-ის დამთავრების შემდეგ გიორგი მიქაძემ აშშ-ს კიდევ ერთ პრესტიჟულ პროგრამაში გაიმარჯვა. მან სულ ახლახანს ორგანიზაცია 18th Street Arts Center-ის მიერ დაარსებული ჯაზის რეზიდენტურის პროგრამის გრანტი მოიპოვა.

18th Street Arts Center სანტა მონიკაში დაარსებული ორგანიზაციაა, სადაც ახალგაზრდა არტისტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 3 თვის განმავლობაში რეზიდენტურას გადიან. ჯაზის პროგრამით არსებული ერთადერთი ადგილისთვის არჩევანი გიორგი მიქაძეზე გაკეთდა. გიორგი პირველი ქართველია, რომელიც ლოს-ანჯელესში საკუთარი იდეების განხორციელებისთვის მიიწვიეს.

ახალგაზრდა კომპოზიტორისთვის არ არის რთული მუსიკალური ადაპტირება და ექსპერიმენტები ქვეყანაში, სადაც დაიბადა ჯაზი, ბლუზი, ჰიპ-ჰოპი, ელექტრონული მუსიკა… სადაც სიახლე და ცვლილებები მუდმივი ცხოვრების სტილია.

თამამი ექსპერიმენტები კვლავ გრძელდება. ნოემბერში ნიუ-იორკში, ანსამბლ “ბასიანთან ” და ამერიკელ ჰიპ-ჰოპერ რეიდარ ელისსთან ერთად შექმნილი პროექტ “ვოისას” შემდეგ, გიორგის ნოვატორული გეგმები ისევ ქართულ ფოლკლორს უკავშირდება.

პროექტ “Georgian Micro Jam”-ის ფარგლებში შექმნილი კომპოზიციები ლოს-ანჯელესის რამდენიმე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზში შესრულდება. გიორგიმ სინთეზური მუსიკის ახლებურად აჟღერებისთვის ლეგენდარული დევიდ ფუზინსკი და მონო ნეონი – პრინცის ბასისტი მიიწვია, რომლებიც მისი თქმით, მიკროტონალურ მუსიკას არაჩვეულებრივად ფლობენ.

მუსიკოსის თქმით, პროექტს ძალიან საინტერესო ჩანაფიქრი აქვს, რომელიც გულისხმობს ქართული ხალხური მუსიკის წყობისა და თანამედროვე მუსიკალური მიმდინარეობების სინთეზირების შედეგად ახალი, მიკროტონალური ინსტრუმენტული მუსიკის შექმნას. ეს იქნება მულტიჟანრული პროექტი, ერთგვარი კულტურული კოლაბორაცია, რომელიც მიზნად ისახავს ქართული კულტურის განსხვავებულად წარმოჩენას საერთაშორისო მასშტაბით.