26 იანვარი, 2017

“არ შემიძლია არ დავწერო”

საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე წლებია უცხოეთში ცხოვრობს. წარმატებული კარიერა მან რამდენიმე წლის წინ დაიწყო და დღესაც აგრძელებს მსოფლიოს წამყვან საოპერო თეატრებში აღიარებულ ორკესტრებთან, დირიჟორებთან და საოპერო მომღერლებთან თანამშრომლობას.

ნინო სურგულაძე საქართველოდან წასულ თანამემამულეებს მიმართავს:

“არ შემიძლია არ დავწერო და არა დასაცავად, არამედ აზრის დასაფიქსირებლად.

ყველა ის, ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობს, სწავლობს და მუშაობს, დამეთანხმება, რომ არ არის იქ იოლი თავის დამკვიდრება. მარტოობა უკვე ძნელია და მუდმივად გენატრება სახლი, მაგრამ ასეა საჭირო.

ჯარისკაცივით ხარ და ყოველ დღე უნდა დაამტკიცო, რომ მეტი შეგიძლია, ვიდრე სხვას, ვის ადგილსაც იკავებ და უკან დგას უამრავი ადამიანი, რომელიც ამ ადგილისთვის იბრძვის. მე 21-ის ვიყავი და მახსოვს, როგორ განვიცდიდი, რომ ნულიდან უნდა დამეწყო ყველაფერი.

ერთადერთი რაც მამშვიდებდა, ეს იყო დედაჩემთან საუბარი. ამ ყველაფერს იმიტომ ვწერ, რომ გავამხნევო ყველა ის ახალგაზრდა, ვინც მიდის საზღვარგარეთ სასწავლებლად და დასახვეწად.

არ შეგეშინდეთ წინააღმდეგობების, ისინი ყოველთვის იქნება, აკეთეთ თქვენი საქმე და აკეთეთ კარგად. ყველაფერი იქნება მაგრად.. და ოდესმე როდესაც მოვა დრო, ადრე თუ გვიან დაბრუნდებით (იმედია) და თქვენს ცოდნას და გამოცდილებას თქვენს ქვეყანას მოახმართ.

ჩვენ, კი, ქართველებმა უნდა გაგამხნევოთ და მეტი ძალა და ენერგია მოგცეთ იმიტომ, რომ უბრალოდ ცოტანი ვართ და მიმობნეულები მთელს დუნიაზე.

მეტი სიყვარული და პოზიტივი და ერთმანეთის გატანა გვქონოდეს.”