Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ეს არის ანტიხელოვნება”

15 იანვარი, 2017

"ეს არის ანტიხელოვნება"კინომსახიობთა თეატრის წინ ქართველი მსახიობის ნატო ვაჩნაძის ძეგლი გაიხსნა. მისი ავტორი მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძეა. ძეგლისთვის 68.145 ლარი დაიხარჯა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ნატო ვაჩნაძის ძეგლმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საზოგადოების ნაწილს მსახიობის ძეგლი მოეწონა, ნაწილს – არა. ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონიამ კი ლევან ვარდოსანიძის ნამუშევარს ანტიხელოვნება უწოდა.

სოფო კილასონია:

“აშკარაა, რომ ეს არის ანტიხელოვნება. სიახლოვესაც არ არის მის ამოცანასთან, მის შესაძლებლობასთან. აშკარაა რომ ამ პროექტზე არც არქიტექტორს უმუშავია და არც მერიაში არის ვინმე, ოდნავ კომპეტენტური.

არ ვიცი, რომელი ქვეყნის დედაქალაქში იდგმება ასეთი სასაცილო სკულპტურები სრულიად სერიოზული მისიით. არ ვიცი. მაგრამ ეს ყველაფერი იქით იყოს. სწორედ დღეს ვუყურე დოკუმენტურ ფილმს ნატო ვაჩნაძეზე. 1982 წელს გადაღებულს. მასში თავმოყრილია თითქმის ყველა სურათიდან ფრაგმენტი. იყო ნაწყვეტი 1949 წელს, ნატოს კინოში მოღვაწეობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებიდან. თავად ამ ღონისძიების ფორმა – გამაოგნებელი სტალინური სტილისა და პომპეზურობის.

ძალიან ბევრნაირ ხასიათს და ემოციას იტევდა ეს ქალი. დიდი ამპლიტუდით დედობრივი უბრალოებიდან – უკიდურეს სექსუალობამდე. ვიგონებ დღევანდელ ჩემს შთაბეჭდილებებს და ვუყურებ ამას და რა არის ეს? საერთოდ აღარ ვილაპარაკოთ ამაზე როგორც ცუდ ქანდაკებაზე. როგორც სკუპლტურაზე. არა. ბევრად მარტივად დავსვათ საკითხი. რა არის ეს ნატო ვაჩნაძესთან მიმართებაში? როგორ შეძლეს დამკვეთებმა დ შემსრულებლებმა ემუშავათ ამ ქალის ქანდაკების იდეაზე და არ გადაეთვალიერებინათ მისი როლები და თუ გადაათვალიერეს, როგორ შეძლეს არაფერი ეგრძნოთ. არ ვიცი.

არ ვიცი როგორ ვახერხებთ კარიკატურებად ვაქციოთ ადამიანები მათთვის დადგმული მონუმენტებით თუ სახლ-მუზეუმებით. როგორ ვახერხებთ დავაკნინოთ ისინი ასეთი ფორმებით, მიდგომით. რატომ ვაკეთებთ ამას. გაუცნობიერებელ ბოროტებას ვანთხევთ.

პ.ს. ვწერ ამას და თან მაგონდება ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმი და არა მხოლოდ მისი.”