Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

დათუნიკა სხირტლაძის მეუღლეს მხარდაჭერა ესაჭიროება

29 იანვარი, 2017

დათუნიკა სხირტლაძის მეუღლეს მხარდაჭერა ესაჭიროებადათუნიკა სხირტლაძის მეუღლეს მზია ჯინჭარაძეს საზოგადოების მხარდაჭერა ესაჭიროება.

ინფორმაციას ჯგუფი “ეგარი” ავრცელებს და საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტს და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიმართავს:

“30 დეკემბერს სცენაზე მოულოდნელად გარდაიცვალა არაჩვეულებრივი ხელოვანი და პიროვნება, რაჭისა და მთელი საქართველოს სიამაყე, დავით (დათუნიკა) სხირტლაძე…

ის წლების მანძილზე წარმატებით ხელმძღვანელობდა ამბროლაურის კულტურის ცენტრს. სამწუხაროდ, დათუნიკა სხირტლაძე ვერ მოესწრო ნანატრი შვილის დაბადებას. მოხდა სასწაული და მისი დაკრძალვიდან ერთი საათით ადრე ქვეყნიერებას მოევლინა დავით-თევდორე სხირტლაძე. ფაქტობრივად, ოჯახი დარჩა ერთადერთი მარჩენალის გარეშე.

დათუნიკას მეუღლეს ქალბატონ მზია ჯინჭარაძეს გადაწყვეტილი აქვს, არ მოშალოს გარდაცვლილი მეუღლის მშობლიური კერა სოფელ ხიმშში და მათი მემკვიდრეც აღზარდოს იმ გარემოში, სადაც დაიბადა და გაიზარდა დათუნიკა სხირტლაძე.

ეს ის სახლ-კარია, რასაც ელოლიავებოდა ცოლ-ქმარი და დათუნიკას სიცოცხლეშივე იქცა ეთნოგრაფიულ მუზეუმად… გამომდინარე იქედან, რომ ქალბატონ მზიას არა აქვს სტაბილური შემოსავალი, რაც აუცილებელია მათი არსებობისთვის, ამბროლაურის მოსახლეობამ, ინტელიგენციამ და დათუნიკას მეგობრებმა მოითხოვეს, დაენიშნათ ქალბატონი მზია ჯინჭრაძე გარდაცვლილი მეუღლის თანამდებობაზე.

ვფიქრობთ, ამბროლაურის გუბერნიის, რაიონის, საკრებულოს, მერიის ხელმძღვანელობა მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას და ყოველგვარი კონკურსის გარეშე, ქალბატონ მზიას კულტურის ცენტრის დირექტორად დანიშნავს. მას აქვს სათანადო ცოდნა-განათლება, გამოცდილება, კავშირები, ღირსეულად გააგრძელოს მეუღლის საქმიანობა და ქვეყანას აღუზარდოს დათუნიკა სხირტლაძის ერთადერთი მემკვიდრე.

გთხოვთ საქართველოს კულტურის, ხელოვნების, ლიტერატურის, მეცნიერების და სხვა პროფესიების ყველა თაობის წარმომადგენლებს, ხელმოწერით დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა!”