Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

აკაკი შანიძის მუზეუმი განადგურებულია

13 დეკემბერი, 2016

აკაკი შანიძის მუზეუმი განადგურებულია– ვინ და რატომ ჩაიდინა ასეთი უპასუხისმგებლო საქციელი? – კითხულობს ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი და დიდ ქართველ ენათმეცნიერ აკაკი შანიძეზე უახლეს ინფორმაციას ავრცელებს.

გოგა ჩანადირი:

“ვიყავი სოფელ ნოღაში, რომელიც სამტრედიის გამგეობას ეკუთვნის და საჯავახო-ჩოხატაურის გზაზე მდებარეობს.

მთავარი გზიდან 50 მეტრში დიდი ქართველი ენათმეცნიერის აკაკი შანიძის მემორიალური მუზეუმი მდებარეობს, რომელიც 1999 წელს გაიხსნა.

იქაურობა მუზეუმის გარდა, ყველაფერია. სახლი ცუდ მდგომარეობაშია. ექსპონატები აღარ არის. მითხრეს, რომ 2007 წელს გაუქმდა.

ვინ და რატომ ჩაიდინა ასეთი უპასუხისმგებლო საქციელი? აკაკი შანიძეზე უფრო დიდ ქართველ ენათმეცნიერს ვერც ვიხსენებ. ის ასევე იყო თსუ-ს ერთ-ერთი დამაარსებელი და მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელიც. მან შექმნა სასკოლო სახელმძღვანელო “ქართული ენის გრამატიკა”, რომლითაც ჩვენ გავიზარდეთ.

ასე ვექცევით დიდ წინაპრებს? ეს ხომ ენისადმი ერის დამოკიდებულებასაც ნიშნავს? ჩემი აზრით, სახელმწიფომ, კერძოდ, სამტედიის გამგეობამ მუზეუმი უნდა აღადგინოს.
განა, ბევრი ჰყავს ამ მხარეს ასეთი დიდი ადამიანი?

ახლა ვიხსენებ და სამტრედიას ჰყავს წარმატებული წარმომადგენელი კახი კალაძე.
იქნებ მან შეძლოს ხელშეწყობა?

უბრალოდ, ძალიან ცუდია ჩვენი დიდი წინაპრებისა და წარსულის უგულებელყოფა.

აკაკი შანიძეს ეკუთვნის მუზეუმი!
მე მიყვარს აკაკი შანიძე.”

აკაკი შანიძის მუზეუმი განადგურებულია

აკაკი შანიძის მუზეუმი განადგურებულია