15 დეკემბერი, 2016

საახალწლო მეჯლისი მოზარდ მაყურებელთა თეატრში

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი საახალწლო მეჯლისს მართავს.

27 დეკემბრიდან 21 იანვრის ჩათვლით პატარებს და მათ მშობლებს მუსიკალურ წარმოდგენაზე „საახალწლო ნაძვის ხე“ ეპატიჟება. სპექტაკლები 12, 13 და 15 საათზე დაიწყება.

წარმოდგენა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით იქნება გაჯერებული. სპექტაკლში მაყურებელი იხილავს ზაღაპრების გმირებს ფიფქიას, სასახლის ბაღის კაკტუსს და გვირილას, ზღვათა დედოფალს, რომელიც სამფლობელოს მხოლოდ ჯადოსნური, ახალი წლის ღამის ხათრით ტოვებს. ბავშვები შეხვდებიან ერთდროულად მაიმუნსა და მამალს, ვეფხვ შერხანს, ჰილარიო ბუერას და ფრინტას, მიდი-მოადეს და თვით ბაში-აჩუკს.

რა თქმა უნდა, საახალწლო მეჯლისი წარმოუდგენელია თოვლის ბაბუას, თოვლის ბებია ლოლოსა და ლაპლანდიელი სანტას გარეშე.

როგორ განვითარდება მოვლენები? რით დასრულდება ზღაპრების გმირთა თავგადასავალი? ამას აუცილებლად შეიტყობთ, თუ კი მოზარდ მაყურებელთა თეატრის მეჯლისს ეწვევით.