Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“თავდასხმის ობიექტი ბევრჯერ ვყოფილვარ, ინიციატორი კი – არასოდეს”

30 დეკემბერი, 2016

"თავდასხმის ობიექტი ბევრჯერ ვყოფილვარ, ინიციატორი კი - არასოდეს"ქართულ საოპერო ხელოვნებაში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი სოპრანო ცისანა ტატიშვილია. მისი შემოქმედებითი კარიერა ოქროს ასოებით არის ჩაწერილი საქართველოს საოპერო ისტორიაში.

“არტ ინფო” ცისანა ტატიშვილის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო ეტაპებს გთავაზობთ.

“ბავშვობა თბილისის ძველ უბანში, სოლოლაკში გავატარე. დედა ქეთევან ზანდუკელი, მარტო გვზრდიდა მე და ჩემს ძმას. მისი მოგონებებით და მონაყოლით ვიცნობდით მამას ბეჟან ტატიშვილს, რომელსაც თავის დროზე პარიზში, სილამაზის კონკურსში გაუმარჯვია, შემდეგ ირკუტსკში მიუღია სამხედრო განათლება და სამშობლოში დაბრუნებულა. ერთ ხანს სამხედრო კომისარი იყო, შემდეგ უნივერსიტეტში სამხედრო კათედრას ხელმძღვანელობდა. ერთ ავბედით საღამოს მეუღლისა და ახალდაბადებული ქალიშვილის მონახულების შემდეგ, სამშობიაროდან სახლში დაბრუნებულა, ამის შემდეგ მამა აღარავის უნახავს. მოგვიანებით გაიგო დედამ, რომ მისი მეუღლე დააპატიმრეს, გადაასახლეს და დახვრიტეს. დედა მეორედ აღარ გათხოვილა, იძულებული გახდა სწავლისთვის თავი დაენებებინა, მუშაობა დაეწყო და შვილების აღზრდაზე ეზრუნა.”

“8 წლის ვიყავი, როცა კინოთეატრში დედასთან ერთად “დიდი ვალსი” ვნახე, სწორედ მილიცა კორიუსის შთამბეჭდავმა სიმღერამ და თამაშმა გადამაწყვეტინა საოპერო მომღერლობა. ჩემს ძმას ძალიან უნდოდა მემღერა. დედამ ხმის გასასინჯად სანდრო ინაშვილთან მიმიყვანა, რომელმაც მომისმინა და აღფრთოვანებულმა შემოჰკრა ტაში, მან თქვა “შენი ლამაზი, ობერტონებით მდიდარი, ძლიერი ხმა მოგცემს საშუალებას დადგე ნამდვილი ვარსკვლავი და ჩვენი სამშობლო ასახელო”. თავის ასისტენტს გულნარა ქართველიშვილს უხმო და დაავალა ჩემთან დაეწყო მეცადინეობა, თავად მაესტრო მძიმედ იყო ავად და ლოგინს იყო მიჯაჭვული, ამიტომ ჩემთან მუშაობას ვერ შეძლებდა.”

“საოცრად მორცხვი ბავშვი ვიყავი, ამიტომ ქართული ცეკვების შესასწავლად და სცენასთან შესაგუებლად დედამ ჯანო ბაგრატიონის ანსამბლში შემიყვანა. იქ ერთი წელი ვიცეკვე სოლო პარტიები, ჩემი მეწყვილე გამოჩენილი მოცეკვავე ომარ მხეიძე იყო. წარმატებით გამოვდიოდით სხვადასხვა კონცერტებში, ამიტომ, როცა ჯანოსთან მივედი და ვუთხარი ანსამბლიდან წასვლის შესახებ, ცოტა განაწყენდა და მითხრა “შენც ეხლა ნადეჟდა ხარაძეს არ აჯობოო”. მე კი ვუთხარი, ჯანო, შენ აუცილებლად მოხვალ ჩემს სპექტაკლებზე და ლოჟიდან დამიკრავ ტაშს-მეთქი. დავტოვე ანსამბლი და საკუთარი თავი მთლიანად სიმღერას მივუძღვენი.”

“თეატრში რომ მივედი დამხვდა მოქმედი სოპრანოების რამოდენიმე თაობა და ის ვითარება, რომელშიც ბრძოლა პირველობისთვის წესებს არ ითვალისწინებს. თავდასხმის ობიექტი ბევრჯერ ვყოფილვარ, ინიციატორი კი – არასოდეს. ჯანუღ კახიძეს გაუგია თურმე თეატრიდან ჩემს გაშვებას რომ აპირებდნენ, როგორც პროფესიულად უვარგისი კადრის. მან, პეტრე თომაძემ და შოთა კიკნაძემ თენგიზ მუშკუდიანს მიმართეს დასახმარებლად. თენგიზი უკვე პოპულარული და აღიარებული მომღერალი იყო. მისმა სიტყვამ გადაწყვიტა ჩემი ბედი. მივიდა დირექტორთან და უთხრა, ბრძანებისთვის ხელი არ მოეწერა. ამასობაში დეპოში გაიმართა კონცერტი და ვიმღერე არდიტის ვალსი. ვხედავდი დირექტორის კმაყოფილ სახეს, როგორი სიამოვნებით მისმენდა. მოგვიანებით აღუნიშნავს თენგიზთან საუბარში, “კინაღამ გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვიო”.

“სომხეთის გასაბჭოების 50-ე წელს, ვასილ მჟავანაძემ ერევანში წაგვიყვანა მე და აკადემიკოსი მელიქიშვილი იქ დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის. 15-ვე რესპუბლიკების პირველი მდივნები და დელეგაციის წევრები მოგვამზადეს ბრეჟნევის დასახვედრად. თვითმფრინავიდან რომ ჩამოვიდა სომხეთის პირველი მდივანი შეეგება, ერთმანეთს მიესალმნენ და ბრეჟნევი სტუმრების მწკრივისკენ წამოვიდა. ქართველები პირველები ვიდექით, ჯერ მჟავანაძეს ჩამოართვა ხელი, გადაეხვია და შემდეგ ჩემსკენ გადმოდგა ნაბიჯი, ხელი ხელზე მომკიდა და თქვა “ბაჟესტვენაია გრუზინკა, მიხარია, რომ პირადად გაგიცანით ერევანში.“ შემდეგ ოპერის თეატრში წაგვიყვანეს, სადაც გალა-კონცერტი გაიმართა საბჭოთა კავშირის საუკეთესო შემსრულებელთა მონაწილეობით. გვიან საღამოს კი ვახშამზე მიგვიყვანეს, ვეებერთელა დარბაზში, სადაც საკონცერტო როიალი იდგა და უკრავდა კამერული ორკესტრი. სტუმართა შორის იყო მუსლიმ მაგომაევი, იგი მიუჯდა როიალს და სადღესასწაულო განწყობა ერთი ორად გაზარდა. ამასობაში სომხეთის კულტურის მინისტრი მოვიდა ჩვენს მაგიდასთან და მთხოვა მემღერა. მუსლიმმა მითხრა, ცისანა მზად ვარ დაგიკრა, თუ თანახმა ხარ იმღეროო. ვიმღერე ტოსკას არია.”

“ევროპის პრესტიჟული თეატრებიდან ხშირად მქონდა მიწვევები. მიუნჰენში ერთ-ერთი გასტროლის დროს, სპექტაკლის შემდეგ, ჩემთან შემოვიდნენ ბაზელის, კიოლნის, ბერლინისა და ბონის თეატრების დირექტორები და მთხოვეს მათთან მემღერა “ტრუბადური”. “გოს-კონცერტთან” შეუთანხმებლად ვერ დავთანხმდებოდი, ხოლო როცა დავრეკე მოსკოვში ასეთი პასუხი მივიღე, დაბრუნდით, თორემ ვეღარასოდეს ეღირსებით ვერცერთ გასტროლს. ბევრი მაცდური შემოთავაზების მიუხედავად, ვერც სამშობლო დავტოვე და არც ოჯახი გავიმეტე სამუდამო წვალებისთვის. დავრჩი ჩემი თბილისის ერთგული. მახსოვს, პარიზის “გრანდ ოპერის” მენეჯერმა მომისმინა ბერლინში, სპექტაკლის შემდეგ მოიყვანეს ჩემთან და მითხრა, “შემიძლია გაქციოთ მსოფლიო ვარსკვლავად, დამთანხმდით, გამომყევით პარიზში, იქ არაჩვეულებრივ პირობებს შეგიქმნით. დილის 6 საათზე სასტუმროს ეზოში დაგელოდებათ მანქანა, რომელიც აეროპორტში მოგიყვანთ, იქ მე დაგხვდებით და ერთად წავალთო”. დავფიქრდი ამ შთამბეჭდავ წინადადებაზე, მაგრამ ისევ ოჯახი დამიდგა თვალწინ. გამახსენდა რომ დააპატიმრეს და დახვრიტეს “დიდი თეატრიდან” წასული სოლისტების ოჯახის წევრები და კატეგორიული უარი ვუთხარი საკუთარ თავს მსოფლიო დიდებაზე. ბოლოს 90-იან წლებში ვიყავი ლონდონში და ავსტრიაში ინდივიდუალური გასტროლით, ლონდონში ჩემმა აგენტმა “კოვენტ-გარდენის” დირექტორთანაც მომიწყო მოსმენა. დამინიშნეს თერთმეტი სპექტაკლი “ტოსკა”, მაგრამ თბილისის სამოქალაქო ომის გამო, მომავალ სეზონში ვეღარ შევძელი გამგზავრება. ბევრი იყო მსგავსი ხელისშემშლელი მომენტები…”

“უარის თქმა მომიწია “დიდ თეატრში” და “მარინის თეატრში” გადასვლაზეც. პეტერბურგის “მარინის თეატრში” სიმღერა ყოველთვის დიდი ბედნიერება იყო ჩემთვის და იქ ერთმანეთზე უკეთესი საოპერო პარტიები მაქვს ნამღერი. მაგრამ კლიმატის გამო, პეტერბურგში მუდმივად ცხოვრებას ვერ შევძლებდი. რაც შეეხება “დიდ თეატრს”, 5-ჯერ იდგა საკითხი მოსკოვში ჩემი გადასვლის შესახებ, მაგრამ ჩემი იქ ყოფნა ბევრს არ აწყობდა და ყველა საშუალებებით მიშლიდნენ ხელს. ბოლოს კი მე თვითონვე ვთქვი უარი, მგლების ხროვაში გამიჭირდებოდა თავის დაცვა.”

“რეჟისორმა ფელეზენშტეინმა ბერლინის ოპერაში სპექტაკლისთვის მზადება რომ დაიწყო, მთავარ პარტიებზე “აიდაში” მე და ნოდარ ანდღულაძე მიგვიწვია. პრემიერის დღე რომ მოახლოვდა, გადაღლილობისგან შეუძლოდ გავხდი. სასწრაფოდ წამიყვანეს კლინიკაში, საუკეთესო ექიმმა გამსინჯა, მერე გავიგე, რომ იგი ჰიტლერის პირადი ექიმი ყოფილა თავის დროზე. გამსინჯა და მირჩია დავბრუნებულიყავი თბილისში, რათა დამესვენა. სხვა შემთხვევაში უკეთ ყოფნის იმედს ვერ მაძლევდა. რამოდენიმე დღე იყო პრემიერამდე დარჩენილი და ვერაფრით დავტოვებდი სამუშაო პროცესს, ამიტომ კატეგორიულად ვიუარე. “მაოცებს თქვენი გამბედაობა და საქმის სიყვარული”, მითხრა მან და დაამატა, რომ აუცილებლად მოვიდოდა სპექტაკლზე და მომისმენდა. გამამხნევა და დამარწმუნა, რომ სპექტაკლები ჩემი დიდი გამარჯვებით ჩაივლიდა. გამიხარდა, გავთამამდი სცენაზე, აქტიურად ჩავერთე სარეპეტიციო პროცესში და ერთ-ერთი რთული მიზანსცენის დროს დეკორაციაში ჩამივარდა ფეხი, დირიჟორმა ორკესტრი გააჩერა. დაძაბული ყველა მე შემომცქეროდა, ეგონათ ფეხი მოვიტეხე. წამიყვანეს საავადმყოფოში და საბედნიეროდ მოტეხილობა არ აღმოჩნდა. პრემიერა შესანიშნავად ვიმღერეთ მე და ნოდარ ანდღულაძემ. ნოდარი ჩემი მაესტრო და საუკეთესო პარტნიორი იყო მრავალი ათეული წელი. მისი წასვლა ამ ქვეყნიდან მნიშვნელოვნად დააკლდა ქართულ ვოკალურ სკოლას.”

“გერმანიაში დირიჟორმა კიოლერმა გალა-კონცერტი გამართა და მსოფლიოში გამოჩენილი მომღერლები მიიწვია, მათ შორის იყვნენ ბირგიტ ნილსონი და მონსერატ კაბალიე. თბილისიდან მე ჩავედი. კონცერტს კარაიანის ნდობით აღჭურვილი პირი ისმენდა. ის მომიახლოვდა და მითხრა, მაესტრო ახლა “ტრუბადურს” დგამს და ლეონორას შემსრულებელს ეძებს, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მოსმენა მას გაახარებსო. მართლაც მოგვიანებით, კარაიანის პრეს-სამდივნო “გოს-კონცერტს” დაუკავშირდა და მოითხოვა ჩავსულიყავი ზალცბურგში მაესტროსთან შესახვედრად, თუმცა მოსკოვიდან ასე უპასუხეს, ცისანა ტატიშვილი ქვეყანაში არ იმყოფება, სამაგიეროდ შეგვიძლია დიდი თეატრის სოლისტი მილაშკინა შემოგთავაზოთო, რაზეც მათ კატეგორიული უარი განაცხადეს. მოსკოვს ასე ხშირად ჩაუშლია ჩემთვის უცხოური ტურნეები.”

“ხელოვანი ყველა თავის გამოვლინებაში მშვენიერი უნდა იყოს. შეამკოს და გაახალისოს ადამიანის ცხოვრება, დაეხმაროს მათ სიხარულშიც და მწუხარებაშიც, ასე მესმის მე მსახიობის დანიშნულება.”