Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გიორგი მიქაძე გალობის უმაღლესი სასწავლებელის სტუდენტებს შეხვდება

19 დეკემბერი, 2016

გიორგი მიქაძე გალობის უმაღლესი სასწავლებელის სტუდენტებს შეხვდება22 დეკემბერს, 15 საათზე გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში შედგება შეხვედრა აშშ-ში მოღვაწე წარმატებულ პიანისტსა და კომპოზიტორ, Berklee Collage of Music-ის და   Manhattan School of Music-ის მაგისტრ გიორგი მიქაძესთან.

შეხვედრაზე დასწრება მსურველებისთვის თავისუფალია. ღონისძიება გაიმართება მისამართზე სანდრო ეულის 3, მე-5 სართული,

აშშ-ში მოღვაწე უნიკალური და ექსტრაორდინალური ტალანტის მქონე ქართველი ხელოვანი გიორგი რამდენიმე წელია, რაც აშშ-ში ცხოვრობს და თავისი წარმატებული საგანმანათლებლო თუ საკონცერტო ცხოვრებით საქართველოს უდიდეს პოპულარიზაციას უწევს. ჯაზის და თანამედროვე მუსიკის ამომავალი ვარსკვლავი მსოფლიოს წამყვანი ფესტივალების ყოველთვის სასურველი სტუმარია.

გიორგიმ თანმიმდევრული კლასიკური მუსიკალური განათლება საქართველოში მიიღო, 2006 წელს დაამთავრა სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი”, 2010 წელს კი ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის ბაკალავრიატი პროფესორ რევაზ თავაძის ხელმძღვანელობით. აშშ-ში გამგზავრებამდე მან, როგორც კლასიკური მუსიკის შემსრულებელმა, არაერთი საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატობა მოიპოვა.

2010 წლიდან გიორგი აშშ-ს ქალაქ ბოსტონის ყველაზე პრესტიჟული Berklee Collage of Music-ის ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტი და პრეზიდენტის სტიპენდიატი გახდა. უნივერსიტეტისა, რომელში სწავლაც ყველა მუსიკოსის სანატრელი ოცნებაა და რომელიც წლების მანძილზე ინარჩუნებს მსოფლიოს საუკეთესო 10 მუსიკალურ სასწავლებელს შორის პირველ პოზიციას. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება გიორგის, როგორც ჯაზ-შემსრულებლის, კომპოზიტორის, დირიჟორის, მენეჯერის და არანჟირებების ავტორის მუდმივი შემოქმედებითი ზრდა და წარმატებული კარიერა.

2014 წელს მუსიკოსი განსაცვიფრებელი შედეგებით ჩაირიცხა ნიუ-იორკის უდიდესი მუსიკალური ტრადიციების მქონე სახელოვნებო აკადემიაManhattan School of Music-ის სამაგისტრო პროგრამაზე. გიორგი აღმოჩნდა ერთადერთი მუსიკოსი, რომელმაც მთელი მსოფლიოდან წარმოდგენილ 3.000 აპლიკანტს შორის მაგისტრატურის სრული, ორწლიანი სასწავლო გრანტი (Full-tuition Scholarship grant for MA Program) მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ გიორგი მიქაძე პირველი ქართველი მუსიკოსია, რომელმაც ჯაზის მაგისტრის წოდება მიიღო Manhattan School of Music-ში.

მუსიკოსი სისტემატურად მართავს კონცერტებს აშშ-ს ყველაზე პრესტიჟულ, ელიტარულ დარბაზებსა და ჯაზ-კლუბებში, როგორც კლასიკოსი, ისე ჯაზის, ბლუზის, გოსპელის, პოპის, ფანკის, Fusion-ის, R&B-ის, ელექტრო-აკუსტიკური, ექსპერიმენტული და მიკროტონალური მუსიკის შემსრულებელი. სწორედ ამიტომ მას ხშირად უწოდებენ „უნივერსალურ მუსიკოსს“.

გიორგი მიქაძე გალობის უმაღლესი სასწავლებელის სტუდენტებს შეხვდება

მიუხედავად სტილური ორიენტირების მრავალფეროვნებისა, გიორგი არ ივიწყებს ქართულ ფესვებს და საკომპოზიციო შემოქმედებაში ეყრდნობა ქართული ხალხური მუსიკის მოტივებს. ამ მიმართულებით მან არაერთხელ გააოცა ამერიკელი და ევროპელი მსმენელი საკუთარი კომპოზიციებით („კავკასიური ნაგაზი“, „იგავის მოსმენის შემდეგ“, „ნანა“) და უჩვეულო არანჟირებებით („საჭიდაო“, „აზამატი“, „სვანური ნანა“ და სხვა), რომელშიც ორგანულადაა შერწყმული აფრო-ამერიკული ჯაზის, კლასიკისა და ქართული ფოლკლორული მუსიკის ელემენტები.

სწორედ ამ მიმართულებით შემოქმედებითი ძიებების შედეგია 2016 წელს გიორგი მიქაძისა და ანსამბლ „ბასიანის“ მიერ განხორციელებული ნოვატორული პროექტი „ვოისა“. პროექტი წარმოადგენს ერთგვარ კულტურულ კოლაბორაციას, რომელშიც ორგანულადაა შერწყმული მრავალსაუკუნოვანი ქართული ხალხური მუსიკისა და თანამედროვე მუსიკის მიმდინარეობები.
გიორგი არის არაერთი საერთაშორისო პრესტიჟული კონკურისის ლაურეატი და პრემიის მფლობელი, წელს მას მიენიჭა Yamaha-ს პირველი ქართველი ჯაზ არტისტის წოდება.

2016 წელს გიორგის უნიკალურმა პროექტმა „ქართული მიკროტონალური მუსიკა“ გაიმარჯვა 18th Street Arts Center-ის  JAZZ FELLOW პროგრამაში, რომლითაც აჯილდოვებენ წელიწადში მხოლოდ 1 მუსიკოსს.

2017 წლის 19-22 იანვარს გიორგი მიქაძე მიწვეულია კალიფორნიაში – ხელოვნების წარმოების მსოფლიოში ყველაზე უმსხვილესი მუსიკალური პროდუქციის სავაჭრო ღონისძიებაზე NAMM Show 2016-ზე (National Association of Music Merchants, Anaheim, California), სადაც გამართავს კონცერტებს და წარადგენს იამაჰას სახელს.

დამატებითი ინფორმაცია გიორგი მიქაძის შესახებ იხილეთ: http://www.giorgimikadze.com/