11 დეკემბერი, 2016

“სამწუხაროდ, ვერ მოიცალეს ნამდვილი პოეზიისთვის”

– შენ ჩემო დიდო ტკივილო, დილაო ავდრიანაო. ძლივს აჩენილო ღიმილო, ღიმილო დარდიანაო, – ცნობილი სიმღერა ტრაგიკულად დაღუპული თეონა ქუმსიაშვილის შესრულებით მსმენელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

სიმღერის ტექსტის ავტორი პოეტი ტარიელ ხარხელაურია. მისი შემოქმედება ქართულ პოეზიაში გამორჩეულია.

“2016 წელი პოეტისთვის საიუბილეოა. ის 70 წლის გახდა. საქართველოს რამდენიმე ქალაქში ღირსეულად აღინიშნა ეს თარიღი. თბილისში?! სამწუხაროდ, ვერ მოიცალეს ნამდვილი პოეზიისთვის,” – ამ ინფორმაციას ტარიელ ხარხელაურის სახელით შექმნილი გვერდის ადმინისტრატორი ავრცელებს:

“წელსაც, რა თქმა უნდა, ტრადიციული 16 დეკემბრის შეხვედრა ძალაშია, ამჯერად პანკისის ხეობაში შევიკრიბებით და ჩვენს მოძმე ვაინახებთან ერთად აღვნიშნავთ ბატონი ტარიელისათვის უმნიშნელოვანეს – შვილის, ბექას დაბადების დღეს. წავიკითხავთ ლექსებს, ვისაუბრებთ კავკასიელ ხალხთა ძმობაზე და ერთიან მომავალზე.

დუისის კულტურის ცენტრში 14.00 საათზე დაიწყება პოეზიის საღამო, რომელსაც ბატონ ტარიელთან ერთად მისი მეგობრებიც დაესწრებიან. გაგვიხარდება ყველა მსურველის ნახვა. საღამოზე დასწრება თავისუფალია.”