17 დეკემბერი, 2016

მწერლები და ლიტერატორები სპეციალურ მიმართვას ავრცელებენ

მწერლები, ლიტერატორები, ჟურნალისტები და გამომცემლები სპეციალურ მიმართვას ავრცელებენ. ისინი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს მიმართავენ.

საგანგებო მიმართვას პოეტი მარიამ წიკლაური ავრცელებს:

“ქართველი მწერლები, ლიტერატორები, გამომცემლები, ჟურნალისტები სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ პოეტ ნიკა ჩერქეზიშვილს, რომელიც ხუთი დღეა სახელმწიფო კანცელარიასთან პროტესტის ნიშნად, მეგობრებთან ერთად, ყინვაში, გაუსაძლის პირობებში ათევს ღამეს და შიმშილობს.

ნიკა ჩერქეზიშვილი უსაფუძვლოდ და უსამართლოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, იგი ყველა გზით იბრძვის სამართლიანობის და ღირსების აღსადგენად, მათ შორის მიმართა სასამართლოს, რომელმაც არაობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანა და ამიტომ დავა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება.

ჩვენი მოთხოვნაა, რაც შეიძლება უმოკლეს ვადებში, საქართველოს ხელისუფლებამ გამოიჩინოს სათანადო ყურადღება და დაინტერესდეს ნიკა ჩერქეზიშვილის საქმით. ვითხოვოთ შესწავლისა და განხილვის პროცესში ჩართოთ საზოგადოების წარმოადგენელები, მიუკერძოებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. ამგვარი კომისია, ვფიქრობთ, ხელს შეუწყობს საკითხის სათანადოდ შესწავლას.

ჩვენ გვწამს, ნიკა ჩერქეზიშვილის, როგორც კარგი მოქალაქისა და პროფესიონალის ღირსების დაცვა და მისი მხარდაჭერა, საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებების სადარაჯოზე დგომაა, ვისაც უკანონოდ და უსამართლოდ მოექცნენ.

ჩვენ ამ წერილით, ასევე თანადგომასა და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენი კოლეგებისა და მწერლების უმრავლესობას, რომლებიც სოციალურად უკიდურეს მდგომარეობაში ცხოვრობენ.”