20 დეკემბერი, 2016

“ვერასდროს ვაპატიებ ღრუზინ ჩინოვნიკებს ჩვენს გაწირვას”

– უკვე 2 წელია, რაც სახელისუფლებო დოკსოპულოებმა გაგვინადგურეს 25 წლის კომპანია, სრულიად უსახსროდ დაგვტოვეს ათობით სპეციალისტი, ვინც არაერთი არაჩვეულებრივი ნამუშევარი შეუქმნა თბილისს, – აცხადებს მოქანდაკე ირაკლი ჟვანია.

ასეთი არასასიამოვნო ფაქტის მიუხედავად, მოქანდაკემ ევროპიდან, კერძოდ, ბუდაპეშტიდან შეთავაზება მიიღო, სადაც გაზაფხულზე მის მიერ შექმნილი მონუმენტური მოძრავი ქანდაკება “დედამიწა” აღიმართება.

ირაკლი ჟვანია:

“არ ვიცი როგორ გადმოვცე, რასაც ვგრძნობ.
უკვე 2 წელია, რაც სახელისუფლებო დოკსოპულოებმა გაგვინადგურეს 25 წლის კომპანია, სრულიად უსახსროდ დაგვტოვეს ათობით სპეციალისტი, ვინც არაერთი არაჩვეულებრივი ნამუშევარი შეუქმნა თბილისს.…

ერთი წლის წინ დედამიწის მცირე ზომის ქანდაკება შევთავაზე ამ იმბეცილებს, სასაცილოდ არ ეყოთ…

ძალიან ცუდი დრო დადგა, გარშემო უჭირს ყველას…ჩვენც ძალიან გაგვიჭირდა, აღარ ღირს ამაზე, სირცხვილია…

2 კვირის წინ დარეკა ტელეფონმა, ლონდონის კოდი ვიცანი. თქვენ ბრძანდებითო, მკითხეს.
დიახ, მეთქი.

ჩვენ გვინდა პირადად თქვენი ნამუშევარი ვიხილოთ ჩვენს ახალ მეგა-საწარმოსთან, რომელიც ევროპაში შენდებაო.
მეგონა, ვიღაც ხუმრობდა,…თან სულ არ მეხუმრებოდა.

ერთ კვირაში გააფორმეს კონტრაქტი, გადმორიცხეს ავანსი, მუშაობა დაწყებულია გამალებულ ტემპში და აპრილში, ევროპაში, ბუდაპეშტში, ჩვენი შექმნილი 12 მეტრი სიმაღლის მონუმენტური მოძრავი ქანდაკება “დედამიწა” აღიმართება.

არ ვიცი როგორ გადმოვცე, რასაც ვგრძნობ.…ის “დედამიწა”, რომლის ესკიზებიც ქართველმა ჩინოვნიკებმა დახიეს და გაიცინეს…

ნეგატივის ადგილიც კი აღარ დამრჩა, მიუხედავად იმისა, რომ ვერასდროს ვაპატიებ ღრუზინ ჩინოვნიკებს ჩვენს გაწირვას.
ეხლა აღარ მცალია მათთვის…

ახლა უნდა კიდევ ერთხელ გავაკეთო ლამაზი ქმნილება, უკვე ევროპაში, და ვთქვათ – რომ მაგრები ვართ!!”