17 დეკემბერი, 2016

“აი, დღეს რამდენი ანა ფრანკია”

მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ალეპოში ადამიანების ხოცვას აპროტესტებს.

“ცუდი ადამიანები” – ასე უწოდებს მწერალი თავის ახალ ჩანაწერს და საზოგადოებას არსებული ვითარების მისეულ ანალიზს სთავაზობს.

ლაშა ბუღაძე:

“პირველ და მეორე მსოფლიო ომშიც ასე ხდებოდა……

უბრალოდ ადამიანებს სმარტფონები არ ჰქონდათ, რომ საკუთარი ან სხვისი სიკვდილის გადაღება მოესწროთ.

არ ჰქონდათ ინტერნეტი, რომ ბოლოჯერ მიემართათ მათი კვდომის მოწმეებისათვის.

ანა ფრანკს თავისი დღიური ჰქონდა.

და აი, დღეს რამდენი ანა ფრანკია, რომელთაც იმიტომ კლავენ ჩვენ თვალწინ, რომ, თურმე, მშვიდობა დამყარდეს……

ასე სპობდნენ ჰოლოკოსტის დროს, მაგრამ რახან ეს ჩვენი აწმყოა, არ გვჯერა – არ ვიჯერებთ – რომ ესეც ჰოლოკოსტია, რადგან დიდი ჟლეტა მხოლოდ წარსულში იყო, უხსოვარ დროს, როცა ადამიანი ცუდი იყო და როცა ბოროტ ადამიანებს ირჩევდნენ მმართველებად…

ეს ადრე ხდებოდა, რომ ადამიანების უმრავლესობას შავისა და თეთრის გარჩევა არ შეეძლო, ახლა კი ეს შეუძლებელია… ინტერნეტის ეპოქაში…

შეუძლებელია ადამიანმა იცოდეს, რომ რომელიმე ახლადარჩეული ტრამპი სახიფათო მატყუარაა, ან რომელიმე ძველადდანიშნული პუტინი, ზოგადად, სახიფათო, და მაინც მას აძლევდეს თავის ხმას, ხედავდეს, რასაც წარმოადგენს ეს ცუდი და მაინც სიმპათიით იყოს მის მიმართ განწყობილი…

ეს ხომ ადრე იყო ასე, როცა ადამიანი ცუდი და სულელი იყო და ან ჭკვიანების ჯინაზე იყვარებდა ყველაზე ცუდ არამზადებს, ან ისევ და ისევ ჯიბრის ან სხვაგვარი კომპლექსის გამო იტყუებდა თავს…

აი, იცის ადამიანმა, რომ ცუდია ეს დიდი ხნის წინ დანიშნული პუტინი, და ისიც იცის, რომ უხერხული და სამარცხვინოა (მეტიც – ბოროტებაა) მისი სიყვარული, მაგრამ რა ქნას – მოწონს ეს ცუდი და მოკალი… გემოვნება აქვს ასეთი. ან სხვა გზა არა აქვს: ფიქრობს, რომ ის მაინც არაა ყველაზე ცუდი… და ან კიდევ უფრო ცუდი მოვა მის მერე.

რადგან ისტორიამ ასე ასწავლა…

რუსეთში არასდროს არაფერი შეცვლილა უმრავლესობის ჩარევის შედეგად.

1917 წლის რევოლუციები ორივე ჯერზე უმცირესობის პროექტი იყო: პირველ შემთხვევაში – ანტიმონარქიული ელიტის, მეორე შემთხვევაში – გერმანელების მიერ დაფინანსებული მარგინალების.

რუსეთს დემოკრატიული ცვლილების ტრადიცია არა აქვს.

რუსეთის ისტორია ყოველთვის “საძინებელში” იცვლება – შიგნით…

ეკატერინე დიდის ქმარი პეტრე მესამე, მისივე ფავორიტის ძმამ მოკლა პეტერბურგის მახლობლად, ეკატერინემ კი ასე გაიხსენა – სამდღიანი კუჭაშლილობის გამო ორგანიზმი გამოეფიტაო…

პავლე პირველი თავისივე საძინებელში აკუწეს, მის შვილს კი, ალექსანდრეს, თან სინდისი ქენჯნიდა, რომ მამას უკლავდნენ და თან თანახმა იყო, დროულად გამოეცხადებინათ იმპერატორად.

ნიკოლოზ პირველი, ევროპის ჟანდარმად წოდებული, თითქოს აღლუმის ცქერის დროს გაციებულა, მაგრამ შეიძლება თავიც მოეწამლა ყირიმის ომის ჭაობში ჩაძირულს…

ალექსანდრე მეორეს ეტლში შეუგდეს ყუმბარა…

კუნცევოს აგარაკზე ძირს დავარდნილ დამბლადაცემულ სტალინს, პირზე დუჟმომდგარს და ჩაფსმულს (როგორც მისი ქალიშვილი, სვეტლანა იხსენებს) ლავრენტი ბერიამ რამდენიმე საათის განმავლობაში არ მიაკარა ექიმი – სიკვდილი აცალა, და ისიც მოკვდა – წყენით და ბოღმით, როცა ეგონა, რომ უკვე აღარასდროს მოკვდებოდა…

ბრეჟნევი პოლიტბიუროს სხდომებზე ტიროდა…

უშველებელ იმპერიას წლების განმავლობაში მართავდა ფიზიკურად და ფსიქიკურად არაჯანმრთელი მოხუცებული…

გორბაჩოვი ყირიმში გამოკეტეს მისმა ყოფილმა თანამშრომლებმა…

ძველებური საბჭოთა კავშირის აღდგენის იდეით აგზნებულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა პუგომ – ერთ-ერთმა ბოლო საბჭოთა მინისტრმა – ჯერ ცოლი მოკლა გებელსივით, მერე კი შუბლში დაიხალა ტყვია, როცა მიხვდა, რომ ისტორიას ვერ შემოაბრუნებდა…

მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ადრე იყო, წარსულში, და არა დღეს, სმარტფონების ეპოქაში, როცა დასახიჩრებული ბავშვების სახეებს ვხედავთ ინტერნეტში და ვიღაც კი ამბობს, რომ ამ ბავშვებს – თუკი ისინი მართლაც არსებობენ – “მტვერი მიაყარეს სახეზე”, რათა გული აუჩუყონ მეტისმეტად მგრძნობიარეებს.

ეს თურმე პროპაგანდაა: ერებს დღეს არავინ სპობს, ადამიანებს მხოლოდ წარსულში ანადგურებდნენ – როცა ცუდ ადამიანებს ცუდი მმართველები ჰყავდათ.

და როცა ბოროტ მმართველებს მათთვის შეუფერებელი უცნაური გულუბრყვილობით ავიწყდებოდათ ძველისძველი ჭეშმარიტება – რომ მუდმივი არაფერია ამქვეყნად…”