23 ნოემბერი, 2016

“მიხეილის საავადმყოფოს” ტერიტორიაზე სამორინე აშენდება

mixeilis-saavadmyofo“მიხეილის საავადმყოფოს” კომპლექსში შემავალი ნაგებობებიდან, 4 შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. თუმცა ეს სულაც არ უშლის ხელს მფლობელს, რომელმაც გასულ წელს ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროსგან 4 მილიონ აშშ დოლარად იყიდა, იქ სამორინე და სასტუმრო ააშენოს, მეტიც კომპანიას ამის პირდაპირი ვალდებულება აქვს.

“ლურჯი ფარის” საქართველოს ეროვნული კომიტეტის ინფორმაციით, შ.პ.ს. “აღმა” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 14 აპრილის განკარგულების მიხედვით, ვალდებულია ამ ტერიტორიაზე:

2018 წლის 16 ნოემბრამდე ააშენოს მინიმუმ მაღალი ხარისხის „STR chain“ მასშტაბის კატეგორიის მქონე, არანაკლებ 200 (ორასი) ოთახიანი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო და სამორინე;

2019 წლის 16 დეკემბრამდე ააშენოს Grade-A კატეგორიის არანაკლებ 10 000 კვ.მ სამშენებლო ფართის მქონე საოფისე შენობა;

2019 წლის 16 დეკემბრამდე განახორციელოს არანაკლებ 57 760 000 აშშ დოლარის ინვესტიცია.

მიხეილის საავადმყოფოს ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია. კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობის მფლობელი ვალდებულია ძეგლზე საზოგადოების დაშვება უზრუნველყოს. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს განმარტებით, მასსა და შპს “აღმას” შორის ძეგლზე ხელმისაწვდომობის წესი არ არის დადგენილი. აგრეთვე არ გაფორმებულა ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ძეგლის დაზიანებისა და განადგურებისაგან დაცვა და ძეგლის ისტორიულ-კულტურული ღირებულების შენარჩუნება.

ტერიტორია უკვე 2 წელია ცარიელია და აქ არსებული ძეგლები მოკლებულია ყოველდღიურ მოვლა-პატრონობას. ძეგლების მიტოვება და მოუვლელობა კი მომავალში მათი რესტავრაციის ხარჯს პირდაპირპროპორციულად ზრდის.