4 ნოემბერი, 2016

ლაკო ბუკიას პლაგიატში ადანაშაულებენ

lakoქართველ დიზაინერს ლაკო ბუკიას პლაგიატში ადანაშაულებენ. ხელოვანი მარიამ ნატროშვილი დიზაინერს შეთანხმების გარეშე თავის კოლექციაში – პალტოზე საკუთარი ნამუშევრის გამოყენებას ედავება.

მარიამ ნატროშვილი:

“ქართველმა დიზაინერმა, ლაკო ბუკიამ, ჩვენი ნამუშევარი ჩვენთან შეთანხმების და ნებართვის/უფლების აღების გარეშე გამოიყენა თავის კოლექციაში პალტოზე – ჩვენს ნამუშევარს დაუკითხავად იყენებს კომერციული მიზნებისთვის.

ჩემს კითხვაზე, თუ რატომ გამოიყენა ნამუშევარი უნებართვოდ, მიპასუხა, რომ არ იცოდა, თუ ჩვენი ნამუშევარი იყო.

საბოლოოდ მომწერა: პატენტი მომიტანე და ამოვიღებო.

ცნობისთვის: პატენტი არ მოქმედებს და არ არის საჭირო საავტორო ნამუშევარზე – ხელოვნებაზე და ლიტერატურაზე. ავტორი შექმნის დღიდან ფლობს ნამუშევარზე საავტორო უფლებას – ყველგან რეგისტრირების გარეშე.

ეს კონკრეტული ნამუშევარი არის პროექტიდან – hypertexttransferprotocol – ეს ტექსტები არის თბილისშიც, საქართველოს სხვა ქალაქებშიც, ქუჩაშიც და გალერეებშიც. ამ პროექტის დოკუმენტაცია გამოფენილია სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენებზე.

ამ ლოგიკით, რომ არ ვიცოდი ვისი ნამუშევარი იყო და “ქუჩაშია და რასაც მინდა იმას ვიზამ”, შეიძლება ნებისმიერი არტისტის ნამუშევარი საჯარო სივრცეში (მუზეუმიც და საგამოფენო სივრცეც საჯაროა) გამოყენებული იყოს ვიღაცის მიერ უნებართვოდ, კომერციული მიზნებისთვის, ავტორის სრული იგნორირებით.

მოკლედ,

ჩვენი სურვილია, რომ ეს პალტოები – რამდენიც არის, ლაკო ბუკიამ ამოიღოს გაყიდვიდან და პალტოების სრული რაოდენობა დაურიგდეს ქუჩაში უპოვარ ადამიანებს.

ქუჩიდან აიღო, ქუჩაში დააბრუნოს!”

მარიამ ნატროშვილის ბრალდებას ლაკო ბუკია პასუხობს:

“მოკლე ისტორია, ვინც არაფერი იცის იმის შესახებ, თუ რა მოხდა.

ჩემი ახალი კოლექციის ინსპირაცია არის თბილისი. მე ვარ პრინტების დიზაინერი. ვიღებ ფოტოებს და ამ ფოტოებით ვაკეთებ პრინტებს. გავედი ქუჩაში და გადავიღე ფოტოები. ერთ-ერთი ფოტო გადავიღე ავტოსადგომაზე, სადაც იყო წარწერა. ეს ფოტო მოხვდა ერთ-ერთ ჩემს პალტოზე, რომელზეც შესაბამისად მოხვდა წარწერის ნაწილი. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს პრინტი მხოლოდ ერთ პალტოზე მოხვდა მთელი კოლექციიდან, თუმცა ამას არანაირი მნიშვნელობა აქვს.

2 დღის წინ მწერს მარიამ ნატროშვილი, რომელმაც თურმე გააკეთა ეს წარწერა და, ფაქტიურად, ფულს მთხოვს იმაზე, რომ მის ნამუშევარს ფოტო გადავუღე და გამოვიყენე პრინტზე. მე მას ავუხსენი სიტუაცია, რომ ეს პრინტი იყო ჩემი ფოტოდან გაკეთებული და ინსპირაცია იყო თბილისის ქუჩები.

რატომღაც მარიამს ბოდიში მოვუხადე, თუმცა რაზე ვებოდიშებოდი დიდად ვერ ვხვდები. შევთავაზე, რომ პრეს რელიზში დავწერდი, რომ ამ ერთ პალტოზე ნახევრად გადასული წარწერის ავტორი ის იყო, მაგრამ სასტიკი, ბრაზიანი უარი მითხრა. გაბრაზებულზე მეც მოვთხოვე საავტორო უფლება, რაზეც თურმე ის თვლის, რომ საავტორო უფლება არ სჭირდება.

იგივე ლოგიკით ყველა შენობის არქიტექტორს, რომლებიც ჩემს ფოტოში მოხვდა და უამრავი სხვა ფოტოგრაფის ფოტოში ხვდება (ფოტოგრაფები ფოტოებს ყიდიან), პრეტენზიის გამოთქმის უფლება აქვთ. ეხლა ბრაიან გრიფინის გამოფენაზე ვიყავი და, მოდით, ქართლის დედის მოქანდაკეს მივაწოდოთ იდეა ბრაიანს უჩივლოს, რადგან ის ქართლის დედის ფოტოს ყიდის.

სხვათაშორის, ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა, ბრიტანელმა ფოტოგრაფმა არტისტმა მითხრა, რომ საავტორო უფლება თურმე არის საჭირო. ლონდონის Gherkin buildings ჰქონია საავტორო უფლება მისი ფოტოების გამოყენებაზე და არავის აქვს უფლება ფოტო გადაუღოს მას და კომერციულად გამოიყენოს.

ორი წლის წინ whitechapel gallery-ში, ერთ-ერთ წამყვან ლონდონის გალერეაში გამოფენა იყო სტრიტ არტის ფოტოების და ფოტოგრაფების გარდა არავინ იყო ნახსენებიც კი, არც სტრიტ არტის შემქმნელები. ვთვლი, რომ სტრიტ არტი ქუჩის განუყრელი ნაწილია და მე ამ არტისტის ადგილას მით უფრო გამეხარდებოდა, ჩემი ნამუშევრის ნებისმიერი ფორმით გავრცელება. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია მისი ეს რეაქცია.”

lak

la

l