8 ნოემბერი, 2016

“გაგიჟებული დარბაზი ყვირის, კივის…”

1suxishvilebis-axali-kampaniaანსამბლ “სუხიშვილების” ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი ამაყობს, რომ მათი მოცეკვავეები ქართველი და უცხოელი მაყურებლის სიყვარულით განებივრებულები არიან.

ნინო და ილიკო ღირსეულად აგრძელებენ ბებია-ბაბუის დაწყებულ საქმეს და კონცერტებს ყოველთვის ანშლაგებით ატარებენ.

ამჟამად “სუხიშვილები” ევროპაშია და კონცერტებს მართავს. ნინო სუხიშვილი უნგრეთზე, კერძოდ, ბუდაპეშტზე ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ ის მათთვის განსაკუთრებული ქალაქია.

ნინო სუხიშვილი:

“უნგრეთი და კერძოდ ბუდაპეშტი განსაკუთრებული ქალაქია ჩვენთვის. აქ 12 წლის ილიკო პირველად გამოვიდა სცენაზე! ჩემთვის 17 წლის ასაკში პირველი საზღვარგარეთ მოგზაურობა იყო (ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს).

გუშინ კიდევ ერთხელ “იერიშით” ავიღეთ ეს ქალაქი. ამ განცდის სიტყვებით გამოხატვა ძალიან ძნელია, ეს ალბათ ადრენალინის დიდი დოზის მიღების ტოლფასია!

ბედნიერების, სიხარულის, სიამაყის, პატრიოტიზმისა და საკუთარი ღირსების მძაფრი შეგრძნება – ეს ის წუთებია, როცა ამ გრძნობებით დგეხარ სცენაზე და გაგიჟებული დარბაზი ყვირის, კივის, გუგუნებს, ინგრევა ტაშით, და მაშინ ხვდები, თუ რა ბედნიერი ხარ, რომ შეგწევს ძალა ასე აღაფრთოვანო მსოფლიო მაყურებელი შენი პატარა ქვეყნით, შენი ხელოვნებით და იამაყო რომ ქართველი ხარ!”