9 ნოემბერი, 2016

5 განსაკუთრებული კოსტიუმი ხელოვნების სასახლეში

tamar-mefeeeსაქართველოს ხელოვნების სასახლე უახლოეს დღეებში დამთვალიერებელს ახალ სასიამოვნო სიურპრიზს შესთავაზებს.

მუზეუმში ქართული ეროვნული კოსტიუმისადმი მიძღვნილი მუდმივმოქმედი ექსპოზიცია გაიხსნება.

5 განსაკუთრებული ისტორიული და მხატვრული მნიშვნელობის კოსტიუმის რესტავრაცია დასრულებულია. ეს პროცესი მთლიანად დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდმა დააფინანსა. უნიკალური რესტავრაციის დროს, აღდგა და გამაგრდა ძვირფასი ისტორიული ქსოვილი, მოხდა დაკარგული ოქროსა და ვერცხლის დეტალების აღდგენა. საბჭოთა პერიოდში დამაგრებული ბუტაფორიების ნაცვლად კოსტიუმებზე ძვირფასი და კეთილშობილი ქვები დაბრუნდა.

მაგალითისათვის, სოლიკო ვირსალაძის მიერ ვარძიის ფრესკიდან აღდგენილ თამარის კაბაზე ამჟამად გამოყენებულია 4 ათასზე მეტი წვრილი და მსხვილი მარგალიტი, 150 ვერცხლის და 100 მოოქრული ბალთა.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თეკლე დედოფლის კოსტიუმი ფილმიდან „გიორგი სააკაძე“. როგორც შემორჩენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, კოსტიუმი XIX საუკუნეში შეიკერა და საქართველოს ერთ-ერთი თავადური ოჯახის წარმომადგენლის კუთვნილება იყო. კაბა თავისი მოოქრული ორნამენტებით განსაკუთრებულ მსგავსებას იჩენს მერი შერვაშიძისა და აგრაფინა ჯაფარიძის სამეჯლისო კაბებთან. უნიკალური ექსპონატი განადგურების წინაშე იდგა, თუმცა რესტავრაციის დროს გამაგრდა მისი ქსოვილის საფუძველი და დამაგრდა 3000-ზე მეტი დაკარგული დეტალი.

დარბაზში ასევე წარმოდგენილი იქნება მეფე ერეკლეს ოჯახისა და მისი გარემოცვის წევრთა ძვირფასი სამოსი. ტანსაცმელი მარგალიტებითა და ოქრომკედითაა გაფორმებული. ე.წ. მეფე ლუარსაბის კოსტიუმის შეკერვის დროს კი გამოყენებულია ძვირფასი სპარსული ფარჩა, 1000-ზე მეტი ვარდისფერი მარგალიტი, ანდალუსიური დიდი მარგალიტები და ე.წ. შავი მარგალიტი ბაკარა. კოსტიუმი ფილმში „გიორგი სააკაძე“ მეფე ლუარსაბის პერსონაჟს (სპარტაკ ბაღაშვილი) ეცვა, თუმცა მისი გაფორმების დროს XVIII-XIX საუკუნეების ისტორიული ქსოვილის დეტალები და ორნამენტები გამოიყენეს, რის გამოც კოსტიუმმა განსაკუთრებული მხატვრული ღირებულება შეიძინა.

ძვირფასი საგანძურის ექსპონირებისათვის საგანგებოდ მომზადდა საგამოფენო დარბაზი. კულტურის სამინისტროს დაფინანსებითა და მხარდაჭერით დამონტაჟდა თანამედროვე განათება, მომზადდა სპეციალური ვიტრინები და კლიმატ-კონტროლის აპარატები.

xelovnebis-sasaxle2