30 ნოემბერი, 2016

ქართული ანბანის მსოფლიო აღიარება

anbani„ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანეს.

გადაწყვეტილება ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-11 სესიაზე იქნა მიღებული.

მთავრობათაშორისმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მიერ წარდგენილ ნომინაციას და მიიჩნია, რომ იგი სრულად შეესაბამება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კონვენციით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს.

ნომინაცია UNESCO-ს განსახილველად 2015 წელს წარედგინა და მისი მთავარი მიზანია ხაზი გაუსვას ქართული დამწერლობის სისტემური ევოლუციის შედეგად შექმნილი ანბანის სამი სახეობის – მრგვლოვანი, ნუსხური, მხედრული – ჰარმონიულ თანაარსებობას თანამედროვე რეალობაში.

„ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ რიგით მესამე ნომინაციაა, რომელიც შეტანილ იქნა UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში.