21 ნოემბერი, 2016

კარლო კუკულაძის 105 წლის იუბილე გამოფენით აღინიშნება

karloლეგენდარული თეატრალური მხატვრის კარლო კუკულაძის 105 წლის იუბილე პერსონალური გამოფენით აღინიშნება.

22 ნოემბერს, 19 საათზე, ხელოვნების სასახლეში ექსპოზიცია გაიხსნება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ თეატრის, ოპერისა და ბალეტისათვის სხვადასხვა პერიოდში შექმნილი ესკიზები და ფერწერული ტილოები რომლებიც მხატვრის ოჯახსა და ხელოვნების სასახლის კოლექციებშია დაცული.

კარლო კუკულაძის შემოქმედებითი გზა გრძელი და საინტერესოა. შემოქმედების 40 წელი ოსტატმა საქართველოს საოპერო ხელოვნებას მიუძღვნა და ფერების ენაზე არაერთი მნიშვნელოვანი საოპერო და საბალეტო სპექტაკლი გააცოცხლა. აღსანიშნავია აკ. კერესელის მუსიკაზე დადგმული „ბაში-აჩუკი“, ა. ბალანჩივაძის „მზია“, პ. ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“, „ქოშები“, „გედების ტბა“, ლ. დელიბას „ლაკმე“, დ. თორაძის „ჩრდილოეთის პატარძალი”…

ნიჭიერი ახალგაზრდა უკვე მესამე კურსიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სტაჟიორად ირიცხებოდა, რაც აკადემიის დასრულებისას მისი შტატში გაფორმებით დასრულდა.

1934 წლიდან მოსკოვის აკადემიურ თეატრში როგორც გამორჩეული ნიჭის მხატვარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაიგზავნა და უკვე 1946 წელს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს, გამოცდილი ოსტატი დაუბრუნდა.

ოპერისა და თეატრის დასთან ერთად მხატვარი გასტროლებზე პოლონეთში, რუსეთში და მრავალ სხვა ქვეყანაში იმყოფებოდა. პარიზის და ამერიკის საერთაშორისო გამოფენებში მანაწილე კარლო კუკულაძეს არაერთი სერიოზული ჯილდო აქვს მიღებული.

კარლო კუკულაძის გამოფენის გახსნასთან ერთად, ხელოვნების სასახლეში მხატვრისადმი მიძღვნილი ორენოვანი კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება. მისი საუკეთესო ნამუშევრების კრებული თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ხელოვნების სასახლის მიერ გამოიცა.

გამოფენა ხელოვნების სასახლეში 7 დეკემბრამდე გაგრძელდება.

karlo1