Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ძვირფასი ბუხარი ხელოვნების სასახლეში საექსპოზიციოდაა წარმოდგენილი

10 ნოემბერი, 2016

buxariგამოყენებითი ხელოვნების ძვირფასი ნიმუში – თეთრი ბუხარი, რომელიც XIX საუკუნის მეორე ნახევარში გერმანიაში ბოიცენბურგის კერამიკულ ქარხანაში ერთ ეგზემპლარადაა დამზადებული, ხელოვნების სასახლეში გადმოიტანეს და უკვე საექსპოზიციოდაა წარმოდგენილი.

ბუხარი გერმანიის იმპერატორის ვილჰემ პირველი ჰოჰენცოლერის მმართველობის პერიოდს მიეკუთვნება და დეკორატიული ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს.

ძვირფასი ნივთი თბილისში XX საუკუნის პირველ ნახევარში ჩამოუტანიათ, ის ერთი პერიოდი რამდენიმე საბჭოთა ჩინოვნიკის კაბინეტსაც ამშვენებდა. საბოლოოდ ბუხარი თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელის ერთ-ერთ ოთახში განთავსდა.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის ინიციატივით აღნიშნული ბუხრის რესტავრაციისა და სამუზეუმო სივრცეში ექსპონირების პროექტი შემუშავდა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თანამშრომლების, საქართველოს ხელოვნების სასახლის რესტავრატორების მონაწილეობითა და ზედამხედველობით ბუხარი მოიხსნა, მისი კერამიკული ფენები გაიწმინდა, მოხდა დაზიანებული დეტალების აღდგენა და გამაგრება.

რესტავრატორთა და ხელოვნებათმცოდნეების რეკომენდაციით სამუზეუმო სივრცედ, სადაც ბუხრის ექსპონირება მოხდებოდა გერმანელი გრაფის კონსტანტინე ოლდენბურგის ყოფილი სასახლე შეირჩა. ბუხარი სასახლის ისტორიულ სივრცეში ე.წ. ნიმფების დარბაზში განთავსდა.

აღნიშნულ დარბაზს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით რესტავრაცია ჯერ კიდევ 2015 წელს ჩაუტარდა, მაშინ XIX საუკუნის ესკიზების მიხედვით სასახლეში უნიკალური ხის ჭერი დამონტაჟდა, კედლებზე აბრეშუმის ძვირფასი შპალერი დამაგრდა, ჩამოიკიდა გვიანი შუა საუკუნეების შესანიშნავი ჭაღი, დღეს კი ამ სიმდიდრეს ძვირფასი ბუხარიც შეემატა.

– ამას ვერაფერს ვერ გავაკეთებდით, რომ არა მიხეილ გიორგაძის თანადგომა, ასევე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მინისტრის მოადგილეს გიორგი ბაქრაძეს, აპარატის უფროსს, ჩვენი მუზეუმის გამორჩეულ მეგობარს ლანა ბენდუქიძეს, სააგენტოს ხელმძღვანელს ბატონ ნიკა ანთიძეს. ბატონებს ბუბა ჩირგაძეს და ზურა ქვირიას, განსაკუთრებული მადლობა სამუსიკო სასწავლებლის უფროსს ბატონ გიორგი ქორქაძეს. ყველა ჩემს თანამშრომელს, რომელიც რუდუნებით უვლიდა ამ ნივთს, განსაკუთრებით ირაკლი ზამბახიძეს, გიორგი ჩაფრავას, ნათია ლომიას, მარიამ იმედაშვილს, არტემ ანტანოსიანს, მანუჩარ ლატარიას. ამაზე უთქვამთ ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს! – აცხადებს ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია.

buxa

buxbuxar