19 ოქტომბერი, 2016

ქართველი სოპრანოს დებიუტი ვექსფორდის საოპერო ფესტივალზე

sofo-gordeladzeვექსფორდის საერთაშორისო საოპერო ფესტივალი კლასიკური მუსიკის მოყვარულებთან შესახვედრად ემზადება.

წელს ფესტივალში მონაწილეობას იღებენ საოპერო მომღერლები სხვადასხვა ქვეყნებიდან. საქართველოდან ირლანდიაში გამართულ ფესტივალში სოპრანო სოფი გორდელაძე მონაწილეობს.

ქართველი მომღერლის დებიუტი ფესტივალზე 28 ოქტომბერს შედგება გაეტანო დონიცეტის ოპერაში ”Maria de Rudenz”.

სოფი გორდელაძე:

“ირლანდიაში ვექსფორდის საერთაშორისო საოპერო ფესტივალზე ჩემი დებიუტი 28 ოქტომბერს შედგება გაეტანო დონიცეტის ოპერაში ”Maria de Rudenz”.

ვექსფორდის საოპერო ფესტივალი უმნიშვნელოვანესია მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთის და შეერთებული შტატების მასშტაბით, ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ წელს ვექსფორდში ვიმღერებ და, ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩემი კარიერისთვის.

პარტნიორობას იტალიელი და ამერიკელი მომღერლები მიწევენ. უკვე დაგეგმილია მომავალ წელს ამავე ფესტივალში ჩემი მონაწილეობა ერთ-ერთ მთავარ როლში და ასევე რეციტალიც მექნება.

ვექსფორდის საოპერო ფესტივალი ცნობილია იმით, რომ ნაკლებად ცნობილ ოპერებს წარმოადგენენ, რომლებიც სხვა თეატრებში არც თუ ისე ხშირად სრულდება, თუმცა მუსიკალური თვალსაზრისით ნამდვილი მარგალიტებია. ამითაც შეიძლება აიხსნას ვექსფორდის საოპერო ფესტივალის მიმართ ოპერის მოყვარულთა და საერთაშორისო პრესის ასეთი ინტერესი…”