11 ოქტომბერი, 2016

“მე რომ ხვალ ვკვდებოდე, ჩემს გოგოს დავუბარებდი…”

nino-tarxnishvil11 ოქტომბერი გოგონების საერთაშორისო დღეა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, მსოფლიოს გოგონათა დასაცავად 11 ოქტომბერი გოგონათა საერთაშორისო დღედ არის დაწესებული.

ჟურნალისტი და მწერალი ნინო თარხნიშვილი გოგონების დღეს თავისი ჩანაწერით ეხმაურება, რომელსაც თავის ერთადერთ გოგოს – მარიტას უტოვებს.

ნინო თარხნიშვილი:

“მე რომ ხვალ ვკვდებოდე, ჩემს გოგოს დავუბარებდი:

არ იტირო. თუ გინდა იტირე, ოღონდ იმიტომ არა, რომ მარტოობის შეგეშინდა.

წაიკითხე, თუნდაც ერთი გვერდი ყოველ საღამოს, ოღონდ წაიკითხე.

არ არსებობს პრობლემა, რომელსაც ცოცხალი ვერ მოერევი. ამიტომ არასდროს იფიქრო სიკვდილზე.

ჭუჭყიანი წინდები გამონასკვე ხოლმე და გარეცხვამდე ასე შეინახე, მერე ცალ-ცალი რომ არ რეცხო.

მაცივარში დიდხანს არ დატოვო ხახვი. ყვავდება და ურჩხულს ემსგავსება.

გახსოვდეს, შენი მუსულმანი კლასელი შენგან არაფრით განსხვავდება. უბრალოდ, მის ღმერთს მუჰამედი ჰქვია.

გაძლევ უფლებას დასცინო ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან და მათ განკითხვის უფლება აქვთ.

დაიხსომე, არ არსებობენ განსხვავებული ადამიანები, უბრალოდ, არსებობენ ხეპრე ადამიანები.

სიყვარულზე ვერაფერს გეტყვი. სიყვარული ისეთი რამაა, მარტო შენ რომ გრძნობ.

ისევ ვუბრუნდები მეორე პუნქტს: იკითხე, თუნდაც ერთი გვერდი ყოველ საღამოს, ოღონდ იკითხე.

პ.ს. ეს ჩანაწერი შუშიან ჩარჩოში ჩასვი და საპირფარეშოში, ტუალეტის ქაღალდის საკიდის თავზე ჩამოკიდე. მინიმუმ დილა-საღამოს მაინც რომ შეავლო თვალი.

პ.პ.ს. დედა გიყურებს. და ჰო, ყოველ საღამოს ერთი გვერდის კითხვაში, რა თქმა უნდა, ეს წერილი არ ითვლება.”