18 ოქტომბერი, 2016

გიორგი მიქაძე და ანსამბლი „ბასიანი“ ექსპერიმენტული მუსიკალური პროექტისათვის ემზადება

giorgi-mikadze-basiani2016 წლის 25–29 ოქტომბერს ფონდ „ქართული გალობის“ მხარდაჭერით ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ საკონცერტო სივრცე – ShapeShifter Lab-ში პირველად ხორციელდება ნოვატორული პროექტი გიორგი მიქაძისა და საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანი“-ს მონაწილეობით, სახელწოდებით “Giorgi Mikadze with The State Ensemble Basiani – Video & Recording Session”.

პროექტის მუსიკალური დირექტორია აშშ-ში მოღვაწე, წარმატებული პიანისტი და კომპოზიტორი გიორგი მიქაძე, რომელმაც საკუთარი ვარსკვლაური ბენდისა და ანსამბლ „ბასიანისთვის“ სპეციალურად შექმნა რამდენიმე საავტორო კომპოზიცია. ფაქტობრივად, ეს არის სხვადასხვა ჟანრის ერთობლივი, უნიკალური ახალი მუსიკალური კონცეფცია. აღნიშნული მულტიჟანრული პროექტი წარმოადგენს ერთგვარ კულტურულ კოლაბორაციას, რომელშიც ორგანულადაა შერწყმული ქართული ხალხური მუსიკის, ჯაზის, ფანკის, ფიუჟენის, ჰიფ-ჰოფის, R&B-ის, ელექტრო-აკუსტიკური და მიკროტონალური მუსიკის მიმდინარეობები. რამდენიმე კომპოზიციაში მსმენელი იხილავს სპეციალურად მოწვეულ ერთ-ერთ ცნობილ ჰიფ-ჰოფერ Phase One-საც.

giorgi-mikadze-basiani-1

გიორგი მიქაძისა და ანსამბლ „ბასიანი“-ს ერთობლივი პროექტის მიზანია ტრადიციული და თანამედროვე მუსიკის სინთეზირების შედეგად ახალი, უპრეცენდენტო მუსიკალური პროდუქტის შექმნა, რომელშიც წარმოდგენილია ქართული კულტურის მრავალსაუკუნოვანი მონაპოვარისა და თანამედროვე მუსიკალური მიღწევების კოლაბორაცია, უმაღლესი სტანდარტის ვიდეო და აუდიო ჩანაწერების შექმნა, ახალი თანამედროვე მუსიკალური პროდუქციის პოპულარიზაცია და მსოფლიო მუსიკალურ ბაზარზე გატანა.

giorgi-mikadze-basiani2

გიორგი მიქაძისა და ანსამბლ „ბასიანი“-ს ერთობლივ ექსპერიმენტულ პროექტს წარმოადგენს საქველმოქმედოფონდი „ქართული გალობა“, რომელიც წლების მანძილზე საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ აქტიურად იღწვის ტრადიციული ქართული სიმღერა-გალობისა და ხალხური შემოქმედების ხელშეწყობა-პოპულარიზაციისათვის.

პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საკონცერტო სივრცე ShapeShifter Lab, YAMAHA Corporation და ფოლკლორის ეროვნული ცენტრი.