11 ოქტომბერი, 2016

“განსაკუთრებულ მოვლენასთან შეხვედრა გელოდებათ”

sandro-nebასე აანონსებს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაგეგმილ კონცერტს დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი, სადაც 15 წლის პიანისტისა და კომპოზიტორის სანდრო ნებიერიძის საფორტეპიანო კონცერტის პრემიერა გაიმართება. ნაწარმოები სერგეი პროკოფიევს ეძღვნება.

საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი კლასიკური მუსიკის მოყვარულებს კიდევ ერთ დაუვიწყარ საღამოს 14 ოქტომბერს ჰპირდება.

ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს არიელ ცუკერმანი უდირიჟორებს. კონცერტზე სანდრო ნებიერიძის ნაწარმოების გარდა, დმიტრი შოსტაკოვიჩის მეათე სიმფონია აჟღერდება.

წინასაკონცერტო განწყობას საზოგადოებას ნიკოლოზ რაჭველი უზიარებს:

“ძვირფასო მუსიკის მოყვარულებო, მართლა განსაკუთრებულ მოვლენასთან შეხვედრა გელოდებათ 14 ოქტომბერს ოპერის თეატრში.

სანდრო ნებიერიძე განგებისგან ძალიან დიდი ნიჭით არის დაჯილდოვებული, მე მსგავსი არსად მეგულება… ორი დღეა ვრეპეტიციობ მასთან და ეროვნულ ორკესტრთან ერთად მის ნაწარმოებს და ძლივს ვიკავებ თავს გადაჭარბებული ემოციის გამოვლენისგან, რომ სამუშაო პროცესს ხელი არ შევუშალო.

გავა დრო და 14 ოქტომბერი ისტორიული დღე იქნება ქართული მუსიკის მომავლისათვის!

P.S. სანდრო, შენ ეს არ დაიჯერო, ჯერ კიდევ დიდი შრომა და მოთმინება გმართებს საბოლოო შედეგის მისაღწევად! მაგრამ შენ ძალიან სერიოზული ადამიანი ხარ და დიდი იმედი მაქვს, რომ არ აყვები შექებებს, მოფერებას, წახალისებას და ბოლომდე ღრმად და უკომპრომისოდ ივლი ნამდვილი მუსიკის ძალიან რთულ და ეკლიან გზაზე! ღმერთმა დიდი ნიჭი მოგცა და გაუფრთხილდი, გთხოვ! აბა შენ იცი!”