2 ოქტომბერი, 2016

“ეს უბრალოდ უკულტურობაა!”

ukulturobaხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია განახლებულ ტფილისს ფოტოკადრებში აღბეჭდავს და უმკაცრესი რეგულაციების დაწესებას ითხოვს.

საკუთარ მოთხოვნას ისტორიკოსი რეაბილიტირებულ აღმაშენებლის გამზირზე გადაღებული ფოტოფაქტებით ხსნის და სვამს კითხვას: – რატომ არ გვიყვარს ქალაქი?

გიორგი კალანდია:

“დღეს კიდევ ერთხელ გავიარე ჩემთვის საყვარელ აღმაშნებლის პროსპექტზე და კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ რაც არ უნდა გააკეთოს მთავრობამ, მერიამ, სპონსორმა თუ უცხოელმა ინვესტორმა, ქალაქს თავად მოსახლეობამ თუ არ უპატრონა, არასოდეს არაფერი გამოვა!

შთაბეჭდილებებს ფოტო ფაქტებით გაგიზიარებთ: პირველი და მე-2 ფოტო: 1912 წლის შენობა, საუცხოო არქიტექტურა, აღმაშენებლის პირველი რეაბილიტაციის დროს გაკეთდა. სამაგიეროდ მესამე სართულზე მაცხოვრებელი მივიდა და მთავარ ფასადზე კედელი გამოამტვრია და გასათბობი მილი ჩაამონტაჟა. სულ ფეხებზე დაიკიდა შენობის ისტორიული ფასადიც და ლამაზი კარნიზის მომტვრევის საკითხიც!

agm

ukulturoba1

მე-3 და მე-4 ფოტო: რკინიგზელთა სასწავლებელი, ისიც აღმაშენებლის პირველი რეაბილიტაციის დროს გაკეთდა, როგორც ვხვდები ეკუთვნის რკინიგზას, შენობაში განთავსებულია “თბს ბანკი” და “იოლი”-ს გასტრონომი. ქარმა ჟოლობი მოშალა და აგერ უკვე ნახევარი წელია ამ ძვირფასი შენობის კუთხე ლპება! არადა სულ 100 ლარია საჭირო ამ საქმისთვის, სამაგიეროდ, რომ გაფუჭდება და ნგრევას დაიწყებს მერე ფრიად ძვირი დაჯდება! გასტრონომ “იოლი”-ს შესასვლელია, თუმცა ამ მდიდარი ორგანიზაციის მფლობელს ეს საკითხი არ ადარდებს!

rk

rki

მე-5, მე-6 და მე-7 ფოტო: ჩემი საყვარელი შენობა აღმაშენებელზე, კომპოზიტორთა სახლი. ზუსტად ერთი წელია ვიღაცამ შენობის მთავარ ფასადზე ჟოლობებს ორივე ძირი გამოაცალა და ზუსტად ერთი წელია ამ უნიკალურ ფასადს ზამთარ-ზაფხულ სახურავიდან ჩამოსული წყალი ესხმება. ბოძებმა და ფასადმა უკვე დაშლა დაიწყო. შენობა გაქირავებულია – ღამის ბარი და რესტორანია აქ, ამიტომ ვერ ვხვდები, რა გაუხდა შენობის მეპატრონეს ამ ჟოლობების შეკეთება!?

ko

komp

kompo

ცალკე თემაა მე-8, მე-9 და მე-10 ფოტოები: არ შეიძლება ქალაქის ერთ-ერთ მთავარ პროსპექტზე წერო და ატყლეპო შენობებს ყველაფერი, რაც შენ მოგესურვება, უნდა არსებობდეს აბრების განთავსების ერთიანი სისტემა. გული მეტკინა იმაზე, რომ ეს პროცესი დაწყებულია ახლად რეაბილიტირებული პროსპექტის მონაკვეთზეც.

a7

ab

abra

სულ ბოლო ფოტოც ახლად რეაბილტირებული პროსპექტიდანაა: მთავრობამ და მერიამ გაუპრიალა, გაუზიზინა სახლი ბინადარს, ის კი მივიდა და ზედ ფანჯარაზე მზისგან საჩრდილობლად ბრეზენტის მსგავსი ძონძი დაკიდა! და, აი, ამას უყურებს ასობით ტურისტი, თუ ადგილობრივი მაცხოვრებელი, ამას ვერც გაჭირვებით და ვერც უფინანსობით ავხსნი, ეს უბრალოდ უკულტურობაა!

sax

დასკვნის სახით ვიტყვი, რომ არ შეიძლება ქალაქს მხოლოდ მერია და მთავრობა პატრონობდეს, იგივე უნდა გააკეთოს მოსახლემ და შენობის მფლობელმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერცერთი მთავრობა, ვერასდროს ვერ მისცემს ქალაქს სათანადო იერსახეს.

დღეს დავდიოდი უმშვენიერს ახალ ტფილისში და ვფიქრობდი: რა გამოვა თუ ამ ულამაზეს ქოთნებს, ყვავილებს, ფასადებს, ლამპიონებს მოსახლეობამ არ მიხედა!? ეს იქნება დიდი გულისტკივილი, ამიტომ მერიას ვთხოვ, დააწესოს უმკაცრესი რეგულაციები ასეთ თემებზე, განსაკუთრებით ახლადრეაბილიტირებულ უბნებში. მოსახლეობამ უნდა ისწავლოს ქალაქის მოვლა.

ჟურნალისტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა კი ამ თემებს მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ, არ შეიძლება ყველაფერს ხელისუფლებას სთხოვდე. სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ სრულად მინდოდა მეთქვა სათქმელი!”