31 ოქტომბერი, 2016

ეკატერინე ჭავჭავაძის მარაო ხელოვნების სასახლის კუთვნილება გახდა

ekaterinee– საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმებას მივაღწიეთ და ეს ძვირფასი ნივთი, რომელიც მასთან ერთად არსებული ხელნაწერი დოკუმენტის მიხედვით საქართველოს ულამაზეს ასულს, წინანდლის ვარდს, სამეგრელოს დედოფალს ეკატერინე ჭავჭავაძე დადიანს ჰკუთვნებია, ხელოვნების სასახლის კუთვნილება გახდა, – ასე იწყებს საუბარს საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია კიდევ ერთ მნიშვნელოვან შენაძენზე და ეკატერინე ჭავჭავაძის კუთვნილი მარაოს სურათებს ასაჯაროვებს.

გადმოცემის მიხედვით, ეს მარაო დედოფლისათვის პეტერბურგში, ერთ-ერთ გამიჯნურებულ ესპანელ ჰერცოგს უჩუქნია. მარაო XVIII საუკუნის ბოლოს მე-XIX საუკუნის დასაწყისში უნდა იყოს დამზადებული. ის 18 ე.წ კბილანასაგან შედგება, რომელზეც ქაღალდის ეკრანია გადაკრული. ეკრანი მთლიანად მოხატულია – წინა მხარეს შეყვარებული წყვილი ზის, რომელთაც თავზე კუპიდონები დასტრიალებენ. მეორე მხარეს კი ესპანურ სამოსში გამოწყობილი მამაკაცი (იქნებ ჰერცოგი?) ქალებს ემუსაიფება. ეკრანის მეორე მხარეს სხვა სცენაა. აქ საგანგებოდ მოწყობილ ხის მოედანზე მაიმუნია დაბმული.

– მარაოს ეკრანი ორივე მხარეს დიდი ოსტატობითაა მოხატული. იგივე შეგვიძლია ვთქვათ გასაშლელ კბილანებზე. სადაფით შესრულებული ეს ჯოხები მოჩუქუთმებულია ღრმა კვეთით და შემდეგ მოვერცხლილი და მოოქროვილია. ყველაფერი იმაზე მიუთითებს რომ აღნიშნული ნივთი თავიდანვე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადამიანისთვის მომზადდა და ის დაბადებისანავე ბრწყინვალე ხელოვნების ნიმუში იყო! – განმარტავს ხელოვნების სასახლის დირექტორი.

გიორგი კალანდიას ინფორმაციით, ეკატერინე ჭავჭავაძის მარაო ერთ-ერთი კერძო პირისგან შეიძინეს და ის ვინმე ვლადიმერ მარღანიას კუთვნილი ყოფილა:

“სამეგრელოში დაბრუნებულმა დედოფალმა ეს ძვირფასი ნივთი თან წამოიღო, მისი სიკვდილის შემდეგ იგი სახლთუხუცესს ივანე ჩიქოვანის ქალისათვის უჩუქნია ბატონიშვილ დადიანს, შემდეგ კი ბებიისაგან მემკვიდრეობით მიუღია მამაჩემს ოქუმელ ჯეიჰუნ მარღანიას. ეს ამბავი სოხუმში ყოფნის დროს მოუყოლია მამაჩემს მწერალ სერგი ჭილაიასათვის, რომელიც იმხანად აფხაზეთში ისვენებდა და თავის ცნობილ რომანს ეკატერინე ჭავჭავაძეს წერდა. ამბავი ბატონ სერგის იმდენად მოსწონებია, რომ რომანში შეუტანია ვინმე ესპანელი ელჩის დოსუნასა და დედოფალ ეკატერინეს სიყვარულის ამბავი. მაშინ მამასთვის სერგი ბატონს უთხოვია მარაო მუზეუმისთვის გადაეცა, მაგრამ მამამ არას ფულითა და თხოვნით იგი არ დასთმო.
მარაოზე ერთს მხარეს სიყვარულის ამბავია დახატული, მეორეზე კი ესპანელი კოლონიზატორების მიერ ათვისებული ამერიკის ცხოვრებიდან ერთი სცენა, იქ მაიმუნიც მოსჩანს, რომელიც ძალზე ეგზოტიკური ცხოველი იყო.
ვლადიმერ მარღანია
24 აგვისტო. 1978 წელი”

– ჩვენ ბევრი კარგი ნივთი გვაქვს, არაერთი საუკეთესო ნიმუში შევმატეთ ბოლო წლებში ჩვენს კოლექციას, თუმცა ამ შენაძენით განსაკუთრებით ვამაყობ! – აცხადებს ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია.

ekaterineeeee

ekaterin