29 ოქტომბერი, 2016

ხელოვანები ზვიად ბერიაშვილის ოჯახის დასახმარებლად

zviad-beriashvil37 წლის ასაკში ლოტბარი, დირიჟორი და კომპოზიტორი ზვიად ბერიაშვილი გარდაიცვალა. ის სიმსივნეს რამდენიმე თვის განმავლობაში ებრძოდა, თუმცა, სამწუხაროდ, მასზე გამარჯვება ვერ შეძლო.

ზვიად ბერიაშვილს კომპოზიტორი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი გამოემშვიდობა:

“მშვიდობით ჩემო ტკბილო ადამიანო, ჩემო ძალიან ძვირფასო ზვიად… ღმერთმა გაგინათოს გზა უფრო დიდ საქართველოში და დაგიმკვიდროს სასუფეველი ღირსეულ ადამიანთა შორის!!!

ძალიან გვატკინა გული შენმა წასვლამ ურიცხვ ადამიანს, რომელთა მიმართ უხვად მოასწარი დიდი სიყვარულის მიძღვნა, განსაკუთრებული იყავი და ამიტომაც გერგო განსაკუთრებული აღსასრული. ტანჯვა, რომელიც გამოიარე კიდევ უფრო შეგიმსუბუქებს სამოთხისაკენ სავალ გზას და იქნები ნათელში უსასრულოდ! ასე მწამს, ასე მჯერა და ასე ვნატრულობ!

შენს შვილებს, შენს მეუღლეს, შენს ოჯახს კი დარწმუნებული ვარ წინ დახვდებათ შენი დათესილი სიკეთე, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის მომავალში, შენს მოწაფეებში, რომელსაც ასწავლიდი ნამდვილ მუსიკას და ადამიანობას!

შენს დედას ალბათ აღარაფერი ანუგეშებს გარდა ღვთის რწმენისა და შენი შვილების წარმატებისა. ამიტომ განგებას ვთხოვ სასახელოები და საამაყოები გახდნენ არამხოლოდ შენი ოჯახისთვის, არამედ მთელი ჩვენი ქვეყნისთვის!!!

შენ სულს ვენაცვალე ზვიად!
შეხვედრამდე!!!”

ზვიად ბერიაშვილს მეუღლე და სამი შვილი ჰყავს, რომლებიც უსახლკაროდ დარჩნენ. ზვიადის მეგობრები და კოლეგები მისი ოჯახისთვის არსებული მძიმე მდგომარეობის შემსუბუქებას ერთობლივი ძალებით ცდილობენ.

7 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული მუსიკალური ცენტრი წარმოადგენს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს, აფხაზეთის საგუნდო კაპელას და სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდს. კონცერტს ზვიად ბოლქვაძე უდირიჟორებს.

მსმენელის წინაშე წარსდგებიან სოლისტები: გიორგი ცაგარელი (ალტი), ქეთევან ქართველიშვილი (სოპრანო), ირინა შერაზადიშვილი (სოპრანო), მაგდა ჭიჭიაშვილი (მეცო სოპრანო), გიორგი შარვაშიძე (ტენორი), გიორგი ბეროშვილი (ტენორი), გიორგი გოდერძიშვილი (ბანი). შესრულდება ფრანც შუბერტის მესა N6 და ზვიად ბოლქვაძის In Memoriam სოლო ალტის, ორკესტრისა და მამაკაცთა გუნდისათვის. ბილეთის ფასი 10, 15, 20, 25, 30, 35 და 40 ლარია.

ნიკოლოზ რაჭველი:

“თქვენს მიერ შეძენილი ბილეთებით დავეხმარებით ზვიადის დაობლებულ შვილებს, რომლებმაც ერთადერთი ბინაც კი დაკარგეს მამიკოს მკურნალობის ხარჯების გასასტუმრებლად… იმედია, ყველანი დაგვიდგებით გვერდში ამ სასიკეთო საქმისთვის, სხვას ჩვენ ვერაფერს შევძლებთ ერთმანეთისთვის… დიდი მადლობა ყველას ვინც გულთან ახლოს მიიტანს ჩვენს ტკივილს.”