22 ოქტომბერი, 2016

“ჩემთვის მიუღებელი გახლავთ „დებატი სკანდალისათვის“

1OTARამ სიტყვების ავტორი კომპოზიტორი და პიანისტი ოთარ ტატიშვილია. როგორც ხელოვანი აცხადებს, ბოლო პერიოდში მას ტელევიზიები სტუდიებში ეპატიჟებიან და საეთერო დროის დათმობას სთავაზობენ, რაზეც კომპოზიტორი უარს ამბობს. უარის მიზეზებს კი ოთარ ტატიშვილი დეტალურად განმარტავს:

“რამდენიმე დღეა, არ ცხრება გამოხმაურება ჩემს მოსაზრებაზე 2016 წლის თბილისობის კონცერტისა და ამ კონცერტზე შესრულებული ერთი კომპოზიციის შესახებ.

ლაპარაკია ჩვენი თანამედროვე, აწ გარდაცვლილი კლასიკოსის, კომპოზიტორ ბიძინა კვერნაძის ნაწარმოებად დასახელებულ მუსიკალურ ნომერზე.

ჩემი აზრი მის შესახებ სოციალური ქსელის საშუალებით გამოვთქვი, სადაც ვწერ:
„ავტორის ჩანაფიქრის ასეთი ფორმით მიწოდება ჩემთვის მიუღებელია და კარიკატურის ტოლფასია, რასაც ბატონი ბიძინა კვერნაძე არ იმსახურებს ნამდვილად. შესაძლოა ახლებურად საინტერესოდ გააჟღერო, ეს უნდა გაკეთდეს ძალიან ფრთხილად და მოწიწებით, ისე რომ ავტორის ჩანაფიქრი და სიმღერის დრამატურგია არ შეილახოს. არ ვიცი, აბა თქვენ განსაჯეთ, იქნებ მე სულ გამოვშტერდი? დროს ჩამოვრჩი და აღარაფერი მესმის ქვეყანაზე… რაც მთავარია წამყვანებს ძალიან მოსწონთ დაწერილი სცენარის მიხედვით .“

ჩემს ამ მოსაზრებას, სამიოდე დღეში 140-ზე მეტი გაზიარება ერგო პატივად და 30 ათასამდე მნახველი აღმოაჩნდა. მწერენ კომენტარებში და პირადად, როგორც პროფესიონალი კოლეგები, ისე მუსიკისმოყვარული ადამიანები, ვისთვისაც ნაწარმოების ამგვარი ტრანსფორმაცია გაკვირვებას და არცთუ უსაფუძვლო გულისწყრომას იწვევს.

ცხადია, არის სრულიად საპირისპირო მოსაზრებებიც, რომელთა ავტორები (ამ ნომრის შემსრულებლის ჩათვლით), რბილად რომ ვთქვა, კორექტული მსჯელობის ფარგლებს სცილდებიან. სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნო, რომ ზოგიერთი მათი მოწინააღმდეგის კომენტარიც ვერ გამოიყურება კორექტულად.

არაფერს ვამბობ მათ პროფესიონალიზმზე, ჩანს რომ დაკვრაც იციან და ფლობენ ინსტრუმენტს და იმასაც არ გამოვრიცხავ რომ შესაძლოა კარგი კომპოზიციებიც ჰქონდეთ და საინტერესოც კი, ეს ამ კონკრეტულ მასალას შეეხო და ზოგადად კონცერტის კონცეფციას. ვინც აკეთებს ღონისძიებას და პასუხისმგებლობას იღებს თავის თავზე, უნდა ესმოდეს იმდენი, რისი გატანაა დასაშვები და რისი არა გარკვეულ სიტუაციაში.

არიან ისეთებიც, პროფესიონალიზმზე რომ აქვთ პრეტენზია და ასე მგონია ორიგინალობის და პრადვინუტობის საფარქვეშ დადებით შეფასებას ან მხარდაჭერას გამოხატავენ. მე ვემხრობი ორიგინალობას და საინტერესო გადაწყვეტას, ინოვაციას, თუმცა ვიმეორებ ეს უნდა იყოს დამაჯერებელი და საინტერესო არამარტო თავად შემსრულებლებისთვის, არამედ თუნდაც გარკვეული რაოდენობის ადამიანებისთვის.

ეს მიღწევა თუ მარცხი უნდა მეტნაკლებად აკონტროლოს კომპეტენტურმა ადამიანებმა, ვინც ასეთ საპასუხისგებლო ღონისძიებას უკეთებს ორგანიზებას და ჩვენ გვყავდა ასეთი რედაქტორები და მცოდნე პროფესიონალები, რომელნიც ესალმებოდნენ ჩვენს ექსპერიმენტებს, თუმცა გვაკვალიანებდენ ამავდოულად და ეთერში ის გაჰქონდათ, რასაც მიზანშეწონილად და დასაშვებად თვლიდნენ, ნოდარ პალადაშვილი იყო ასეთი და მიუხედავად ჩვენი ცოდნა განათლების ვიღებდით მის შემჩნევებს და არაფერი წაგვიგია.

უბედურება იმაშია რომ კარგ მთქმელს კარგი გამგონი სჭირდება, ხოდა ამ ცუდი გამგონებითაა ეს ტელევიზიები გამოტენილი ძირითადად, სარეველამ წალეკა აქაურობა.

როგორც ჩანს, ეს საკითხი და მისი განხილვა კარგა ხანს დარჩება საზოგადოების ყურადღების ქვეშ. ალბათ, ამიტომაც, არაერთი შემოთავაზება მივიღე ტელედებატებში მონაწილეობის მისაღებად.

ჩემთვის დიდი პატივია ტელევიზიების დაინტერესება ჩემი, როგორც პროფესიონალი კომპოზიტორისა და პიანისტის მოსაზრებით, რისთვისაც მადლობას ვუხდი ამ მაუწყებლების მესვეურებს.

მაგრამ არის მეორე მხარეც: ჩემი აზრით, დებატებს მხოლოდ მაშინ მოაქვს შედეგი, როცა მოპაექრე მხარეები საარსებო და ინტერესთა ერთნაირ სივრცეში იმყოფებიან. სხვა შემთხვევაში, მაყურებელს დარჩება წარმოდგენა, თითქოს კლასიკური მუსიკის დამცველი ებრძვის თანამედროვე, ელექტრონულ მუსიკას. ეს კი კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის, როგორც თანამედროვე კომპოზიტორისთვის, რომლის შემოქმედებაში თანამედროვე მუსიკის ენა და მასთან დაკავშირებული ექსპერიმენტები საკმაოზე მეტი რაოდენობითაა.

ჩემთვის მიუღებელი გახლავთ „დებატი სკანდალისათვის“ საზოგადოების იმ წარმომადგენლებთან, რომლებთანაც პროფესიულ ენაზე საუბარი იმთავითვე შეუძლებელი მეჩვენება. ამის თქმის საშუალებას მათი კომენტარები, აზრის გამოთქმის მიუღებელი ფორმები და კამათის ასეთივე „ხერხები“ მაძლევს. ამიტომ, უარი განვაცხადე შემოთავაზებულ ტელეეთერზე მანამ, სანამ დებატებში მონაწილე მეორე მხარეც ამავე პროფესიული ნიშნით არ იქნება შერჩეული.

ვადასტურებ ჩემს მზადყოფნას ყველა პროფესიონალ მუსიკოსთან არსებითი კამათისათვის (რატომ მივედით აქამდე, რა არის სწორი ინტერპრეტაცია, როგორი უნდა იყოს კომპოზიტორის „წაკითხვა“, რას ნიშნავს „საავტორო უფლებები და ა.შ და ა.შ.) , ყოველგვარი ეიჯიზმის გარეშე და ასაკის მიუხედავად.”