1 ოქტომბერი, 2016

საოპერო მომღერლები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ

gvaramia1ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ცნობილი საოპერო მომღერლები გაანაწყენა.

ანიტა რაჭველიშვილი, ოთარ ჯორჯიკია, გიორგი ონიანი და მათი კოლეგები რამდენიმე თვეა აქტიურად ცდილობენ საზოგადოება კიდევ უფრო დააფიქრონ საქართველოში არსებული ეკოლოგიურ პრობლემებზე და რიგით მოქალაქეებთან ერთად იზრუნონ ჩვენი ქვეყნის გამწვანებაზე.

ბოლო პერიოდში საოპერო მომღერლებმა გაავრცელეს განცხადება, რომ მათი სურვილია თბილისის ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე დედაქალაქის ცენტრალური პარკი მოეწყოს.
ამ განცხადებას ნიკა გვარამია ასე გამოეხმაურა:

“თბილისის იპოდრომი მინდა გახდეს ცენტრალური პარკი – თვალი მივადევნე, ვინ დაიწყო ეს კამპანია და დარწმუნებული ვარ, ამ დღეებში ივანიშვილი ზარზეიმით “აჩუქებს” ერს.
კამპანიაც მაგიტო წამოიწყეს და ძაანაც ნუ აყვებით, ბიძინას თამაშია ჩვეულებრივი.
იპოდრომს “გაჩუქებთ” და თუ არჩევნებს მოიგებს, ბოტანიკურს წაგართმევთ და სოლოლაკს თავზე გადაგაფშვნით თავისი პანორამით. ნუ იქნებით გულუბრყვილოები.”

ნიკა გვარამიას ეს განცხადება საოპერო მომღერლებს უპასუხოდ არ დაუტოვებიათ.

ანიტა რაჭველიშვილი:

“ნიკა გვარამია თავისი სტატუსით აბსოლუტურად უსირცხვილოდ ცილს გვწამებს ჩვენ – გამწვანების აქციის წამომწყებებს, ვინც ვართ მუსიკოსები მხოლოდ და პოლიტიკასთან არავითარი კავშირი არ გვაქვს. ჩვენ თურმე ბიძინა ივანიშვილის დაქირავებული ადამიანები ვართ, ვინც აუცილებლად გამოგვიყენებს შემდგომში იმისთვის, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორია გახდეს თბილისის ცენტრალური პარკი და ამას ზარ-ზეიმით გადმოგვცემს არჩევნების წინ, რითიც ქულებს ჩაიწერს.

ნიკა გვარამიას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ეს უკვე პირადად ჩემი შეურაცხყოფაცაა, იმიტომ რომ ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ ამ ჯგუფის და პირადად მაყენებს შეურაცხყოფას. არასოდეს არანაირი კავშირი არ მქონია პოლიტიკასთან და ვცდილობ, ჩემი საქმე გავაკეთო კეთლისინდისიერად. ვცდილობ გარკვეული წვლილი შევიტანო თბილისის ცხოვრებაში. ამ ზაფხულს არაერთხელ დამილაგებია თბილისის ქუჩები.

მართლა წარმოუდგენლად მიმაჩნდა, რომ პოლიტიკური მიზნებით კიდევ ერთი უსინდისო ინტრიგის შექმნის მიზნით მსგავს სტატუსს წავაწყდებოდი, რაზეც ძალიან მწყდება გული და მტკივნეულია რაც ხდება. ამ განცხადებით ძალიან დიდი ინტრიგას და გაუგებრობას დაედო საფუძველი. ხალხს ჰგონია, რომ ნიკა გვარამიამ დაზუსტებული ინფორმაცია დაწერა, რაც სიმართლე არ არის. ნიკა, ინტრიგა, რომელიც წამოწიე, არის სამარცხვინო!

გიორგი ონიანი:

“არ შეიძლება ყველგან და ყველაფერში პოლიტიკა გარიო..

ტყუილს ღაღადებთ ნიკა ბატონო. დეზინფორმაციას ეწევით (რაც კარგად გამოგდით) და გულუბყვილო ის ხალხი იქნება, ვინც თქვენ დაგიჯერებთ…

მართლა ნუ იქნებით გულუბრყვილოები ხალხო… ამ იდეის ორგანიზატორები ვემიჯნებით ყოველგვარ პოლიტიკას, ეს აქცია გზავნილია და არა ვინმეს შეკვეთა, არაფრის სანაცვლოდ არ გავხდებით ვინმეს ბრმა იარაღი… ჩვენ მართლა შეგვტკივა გული თბილისის ეკოლოგიის კატასტროფულ მდგომარეობაზე და ვცდილობთ გამოვასწოროთ როგორმე. თქვენი შვილებიც იგივე ჰაერს სუნთქავენ, რასაც სხვები. ამიტომ ცილისწამებას და პოლიტიკური სარჩულის მიწებებას ჯობია ყველა შემოგვიერთდეთ…”

ოთარ ჯორჯიკია:

“ყველაფერს აქვს საზღვარი! და ამ ყველაფერს კადრულობ ის ადამიანი, ვისაც აშკარად პრეტენზია გაქვს რაღაც რაღაცეებზე! რისთვის აკეთებ ამას შე კაი ადამიანო??? განა რას მოგცემს იმ ადამიანების გასვრა, ვინც მართლა სუფთა გულით აკეთებს და იბრძვის რაღაც უკეთესობისკენ? არ უნდა გადააყოლო ადამიანმა საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებსა და ინტერესებს ყველაფერი…”