26 ოქტომბერი, 2016

ივანე ასკურავას მხატვრობა ხელოვნების სასახლეში გამოიფინება

ivane-askuravaლეგენდარული თეატრალური მხატვრის ივანე ასკურავას პერსონალური გამოფენა 28 ოქტომბერს, 19 საათზე, ხელოვნების სასახლეში გაიხსნება.

ექსპოზიცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მომზადდა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ივანე ასკურავას მიერ სხვადასხვა პერიოდში შექმნილი თეატრის, ოპერისა და ბალეტისათვის შექმნილი ესკიზები, რომლებიც მხატვრის ოჯახსა და ხელოვნების სასახლის კოლექციებშია დაცული.

ექსპოზიციის გახსნასთან ერთად, გაიმართება ივანე ასკურავასადმი მიძღვნილი ორენოვანი კატალოგის პრეზენტაცია. კრებული მხატვრის საუკეთესო ნამუშევრებს აერთიანებს და იგი ხელოვნების მხარდაჭერის ცენტრის მიერ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და ხელოვნების სასახლის მხარდაჭერით გამოიცა.

თავისი ნაყოფიერი მოღვაწეობის განმავლობაში ივანე ასკურავამ იმუშავა 200-ზე მეტ დრამატულ, საოპერო და საბალეტო სპექტაკლზე, კინო-ტელეფილმსა თუ ტელეგადაცემაზე. 1948 წლიდან თითქმის ნახევარი საუკუნე დამდგმელ მხატვრად მუშაობდა ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ რეჟისორებთან, როგორებიც იყვნენ: ა. წუწუნავა, ვ. ყუშიტაშვილი, დ.ალექსიძე, ჰ.ვედეკინდი, გ.ჟორდანია და სხვები.

აღსანიშნავია, რომ პირველად სწორედ ივანე ასკურავას ესკიზებით ხორცშესხმულ კოსტიუმებით გამოჩნდნენ ილიკო სუხიშვილის და ნინო რამიშვილის ანსამბლის წევრები.

მხატვრის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია დიდ ბალეტმაისტერ ვახტანგ ჭაბუკიანთან თანამშრომლობას. მან გააფორმა ჭაბუკიანის ისეთი მნიშვნელოვანი საბალეტო სპექტაკლები როგორებიცაა; „მთების გული“, „ჟიზელი“, „ლაურენსია“, „გორდა“, „დემონი“, „ვალპურგის ღამე“ და სხვა.

ივანე ასკურავა სხვადასხვა დროს მონაწილეობდა საკავშირო, რესპუბლიკურ, ევროპისა და სხვა ქვეყნების გამოფენებში. იყო სრულმეტრაჟიანი კინოფილმების კონკურსისა და რამდენიმე საკავშირო ფესტივალის მრავალგზის ლაურეატი.

ლეგენდარული თეატრალური მხატვრის გამოფენას ხელოვნების სასახლის საექსპოზიციო სივრცე 10 დღე უმასპინძლებს.