27 ოქტომბერი, 2016

“სხვისი სახლი” აზიურ ოსკარზეა წარდგენილი

rusudan-glurjidze1რუსუდან გლურჯიძის ფილმი “სხვისი სახლი” საქართველომ ამერიკული კინოაკადემიის ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოზე ოსკარზე წარადგინა, ფილმის ოპერატორი გორკა გომეს ანდრეუ კი The Asia Pacific Screen Awards-ზე საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვისაა წარდგენილი.

ცნობილი ესპანელი ოპერატორი გორკა გომეს ანდრეუ ქართველ რეჟისორებთან ხშირად თანამშრომლობს. იგი მუშაობდა ისეთ ქართულ ფილმებზე როგორებიცაა “მოირა”, “ჩაიკა”, “დაკარგული სოფელი”…

APSA აზია-წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოვებაა და 2007 წლიდან ავსტრალიაში, ქალაქ ბრისბანში იმართება. ღონისძიებას მისი მნიშვნელობისა და მასშტაბურობის გამო, აზიურ ოსკარს უწოდებენ.

ქართული ფილმი Asia Pacific Awards-ზე პირველად 2012 წელს გამოჩნდა. სალომე ჯაშის “ბახმარო” წარდგენილი იყო საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში.

გასულ წელს ნომინაციაში საუკეთესო მამაკაცი მსახიობი მიშა გომიაშვილი წარადგინეს ფილმში “პრეზიდენტი” შესრულებული როლისთვის.

წელს კინოდაჯილდოვებაზე საკონკურსო ფილმების რეკორდული რაოდენობაა, კონკურსში მონაწილეობს 303 ფილმი 43 ქვეყნიდან.

დაჯილდოვების ცერემონიალი 24 ნოემბერს გაიმართება და სტუმრების რეკორდული რაოდენობა – 1000 სტუმარი დაესწრება.