26 ოქტომბერი, 2016

“ამ ხალხს სწორედ ახლა სჭირდება დახმარება”

nikoloz-wulukidze1თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე სრულიად ქართულ თეატრს ღია წერილით მიმართავს და თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებს გაერთიანებისა და სიკეთის კეთებისკენ მოუწოდებს.
ნიკოლოზ წულუკიძე:

“ღია წერილი სრულიად ქართულ თეატრს! სასწრაფოდ!

“ვიმყოფებოდი ჰერეთში (საინგილოში) აზერბაიჯანის რესპუბლიკის, სოფელ ალიბეგლოს, დრამატულ, ქართულ სახელმწიფო თეატრში, სადაც დავესწარი ორი სპექტაკლის პრემიერას (იაკობ გოგებაშვილის ,,იავნანამ რა ჰქმნა” და თამრი ბართაიას ,,მუყაოს სახლები”).

ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, გავოგნდი, თუ რა პირობებში უწევთ მსახიობებს მუშაობა, როგორი ენთუზიაზმით ეკიდებიან საყვარელ პროფესიას და, საერთოდ, როგორი მაგარი ქართველები არიან.

ამ ხალხს სწორედ ახლა სჭირდება დახმარება და თეატრს გადარჩენა!!! პირველ რიგში, რაც ყველაზე მთავარია, უნდა შევუგროვოთ სათეატრო და ქორეოგრაფიული კოსტიუმები. ახალი სპექტაკლების დასადგმელად. ძვირფასო თეატრის ხელმძღანელებო, არც კი იცით როგორ დაეხმარებით საინგილოს ქართულ თეატრს, რეპერტუარიდან მოხსნილი სპექტაკლების კოსტიუმების შეგროვებით.

ტანსაცმელს, თეატრალურ ლიტერატურასთან ერთად შევაგროვებთ თეატრალური უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, დავით აღმაშენებლის გამზირი 40, გამომცემლობა კენტავრში. იკითხეთ მაკა ვასაძე.

ახლა მსახიობებს ვთხოვ, ვის გაქვთ სურვილი, რომ რამდენიმე დღით წამოხვიდეთ საინგილოში და ამ არაჩვეულებრივ დასს მეტყველების მასტერკლასები ჩაუტაროთ?

ხომ შეიძლება, ასეთმა უმნიშვნელოვანესმა საქმემ ცოტა ხნით მაინც გააერთიანოს ქართული თეატრი. თბილისში გამომგზავრების დროს თეატრის თანამშრომელმა, ქალბატონმა ლიანამ მკითხა – საქართველოს მოსახლეობის რამდენმა პროცენტმა იცის ჩვენი არსებობაო?…

მოდით, ყველამ ერთად გავაგებინოთ, რომ ჩვენ არათუ მათ არსებობაზე, არამედ მათ მომავალზეც ვფიქრობთ!!!”