14 სექტემბერი, 2016

“თავიანთ სინდისში, გულში ჩაიხედონ, თუ აქვთ”

tengiz1234“შეიძლება ხვალ აღარ ვიყო, მაგრამ დღეს ჩემს შვილიშვილებსა და მომავალ თაობაზე ვზრუნავ,” – ამბობს მსახიობი თენგიზ არჩვაძე, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის გამორჩეულად პატივსაცემი პიროვნებაა.

ხელოვანი გულწრფელად წუხს თავის ქვეყანაზე, ქალაქზე, მომავალ თაობაზე და მიუხედავად იმისა, რომ არ ანებივრებს ჟურნალისტებს ინტერვიუებით, ეკოლოგიური თემა მისი ყველაზე დიდი ტკივილია.

”არტინფო” გთავაზობთ მსახიობის მოსაზრებას, რომელიც სულ უფრო აქტუალურია.

თენგიზ არჩვაძე:

“შეიძლება ხვალ აღარ ვიყო, მაგრამ დღეს ჩემს შვილიშვილებსა და მომავალ თაობაზე ვზრუნავ – სულ რაღაცას ვრგავ!

ჩემი ყოველი სიტყვა იქნება იმ ხალხის საწინააღმდეგოდ, ვინც ჩემი თბილისი გაჩეხა! თავიანთ სინდისში, გულში ჩაიხედონ, თუ აქვთ…

გაიხსენონ: „იას უთხარით ტურფასა“, „ხმელი წიფელი“… თუმცა, ზოგს ალბათ, არც წაუკითხავს ვაჟა-ფშაველა. ვაჟა თუ კარგად ეცოდინება ადამიანს, ის ხეებს უდიერად აღარ მოეპყრობა!

ისე ვნერვიულობ, სულ მაკანკალებს, თბილისი რომ ამ დღეშია. რასაც ვამბობ, ნახევრად გიჟის ნათქვამია ეს სიტყვები. როგორ შეიძლება, შენი ქალაქი ამ დღეში ჩააგდო?! ქვეყანა, რომელმაც ძუძუ გაწოვა! დამარხეს ქალაქი. ვინმემ მიპასუხოს, რატომ გაიჩეხა ვაკის პარკი? არნახული ხეივნები იყო იქ… ქართული სული, საქართველო და სიმწვანე ერთდროულად ამოძირკვეს!“