7 სექტემბერი, 2016

“შეიძლება მართალი არ ვარ…”

1bubas-kritikaმომღერალი და მსახიობი ბუბა კიკაბიძე 78 წლის იუბილეს ფარგლებში კონცერტებს მართავს. ჯანმრთელობის არასახარბიელო მდგომარეობის მიუხედავად, ხელოვანი თავის ერთგულ გულშემატკივრებს იმედს არ უცრუებს და კონცერტებით გამოხატავს მადლიერებას.

მომღერალმა რამდენიმე დღის წინ ოდესაში გამართულ კონცერტში დათო ევგენიძესთან, ხატია ბუნიათიშვილთან და სუხიშვილებთან ერთად მიიღო მონაწილეობა. დიდი მოთხოვნის მიუხედავად, ბუბა კიკაბიძე რუსეთის ქალაქებში კვლავ არ ჩადის და საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებზეც საჯაროდ საუბრობს.

ბუბა კიკაბიძე:

“2008 წლის ომის შემდეგ არც ერთ რუსულ ქალაქში არ ჩავსულვარ. სულ თხოულობენ კონცერტებს, მაგრამ…

ვთვლი, არ არის სწორი, კაცს, რომელიც გლახავს, მიხვიდე და მერე კიდევ უმღერო. შეიძლება მართალი არ ვარ, მაგრამ ასეთი ფილოსოფია მაქვს ჩემი.

ისიც არ ვიცოდი, ორდენზე უარი რომ ვუთხარი, ასეთი დიდი რეზონანსი თუ ექნებოდა. იმიტომ კი არ მითქვამს უარი, რომ რეკლამას ვიკეთებ… ეს უწესო დამოკიდებულება იყო… შენ მეგობრობა გინდა, იმას შენი ცემა უნდა, შენ ცოტა ხარ, ისინი ბევრი და არ გამოდის ასეთ ვითარებაში ცეკვა-თამაში. არასდროს არავისთვის მითქვამს, შენ არ წახვიდე და არ იმღერო-მეთქი. ყველამ თავისი ფილოსოფიით და ცხოვრებიდან გამომდინარე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

თუ შეიცვალა პოლიტიკა და მე ცოცხალი ვიქნები, სიამოვნებით წავალ და ვიმღერებ. იმიტომ, რომ ხალხი არაფერ შუაში არ არის, ეს ყველაფერი არის პოლიტიკა. ეს არის კრემლის ფილოსოფია. სიმართლე რომ თქვა, დავისვენე, იქით რომ აღარ დავდივარ, სულ დაძაბული ვიყავი…”