9 სექტემბერი, 2016

“რაც გავიხსენე, ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც იქ ხდებოდა…”

gvalski-temo1ქართველი მსახიობი თემურ გვალია თავისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე რთულ და მძიმე პერიოდზე ყვება და დიდი ტკივილის მიუხედავად, მაინც სურს თავისი განცდები საზოგადოებას გაუზიაროს.

თემურ გვალია:

“ერთ-ერთი “დახურული ციხის” კარანტინში, პატარა ბეტონის ოთახში 40-მდე პატიმარი ვყავდით ჩაკეტილი….

პირადად მე, 18 დღე გავატარე მაშინ იქ. სამი ცარიელი საწოლი (შკონკა) იდგა 40 კაცისთვის განკუთვნილი…

მოკლედ, ერთ დღეს, როცა ბეტონის იატაკზე ოთხად მოკეცილი ვიწექი და შიგადაშიგ ვთვლემდი, კარებზე მოკრძალებული კაკუნის ხმა გაისმა. ხმა აშკარად კარანტინის ოთახის შიგნიდან მოდიოდა.

გავხედე და ვხედავ, კარებთან ასე 24-25 წლის ახალგაზრდა დგას და თან აკაკუნებს, თან მორიგეს ეძახის. უცებ გამოვფხიზლდი.. ვკითხე: რა ხდება, რამე ხომ არ გიჭირს-მეთქი… ეტყობოდა პირველი ხოდკა, ანუ პირველად იყო მოხვედრილი ციხეში…

მპასუხობს: ცუდად ვარ, თავი და თვალები მტკივა მთელი დღეა და ვეღარ ვუძლებ ტკივილსო. ექიმს მინდა დაუძახონ და რამე წამალი მაინც დამალევინონო… მე ვუთხარი, რომ ტყუილად ნუ ეძახი ძამიკო, არანაირ ექიმზე და არანაირ წამალზე არ იფიქრო-მეთქი… აქ ჩვენ ვართ ერთმანეთის ექიმებიც და წამალიც. ასე აჯობებს, დამიჯერე-მეთქი და შევთავაზე ჩემი ერთი კვადრატული ადგილი ბეტონის იატაკზე. არა, დავუძახებ, ვეღარ ვუძლებო. გააგრძელა კაკუნი.

უცებ რკინის კარების საკეტების მჭახე ხმა გაისმა, კარები გაიღო და დაბალი ტანის “კლიუჩნიკი” შემოვიდა ოფიცერთან ერთად. იკითხა: ვინ აკაკუნებდაო? იმ ახალგაზრდამ უპასუხა, მეო. ოფიცერი კითხულობს: რატომ აკაკუნებ? ახალგაზრდა პასუხობს: ძალიან მტკივა თავი და თვალები და იქნებ, ან ექიმთან გამიყვანოთ, ან რამე გამაყუჩებელი წამალი მომაწოდოთ, თუ ძალიან არ შეგაწუხებთო.

ოფიცერმა ოდნავ მომღიმარი სახით შეხედა ახალგაზრდას და უთხრა: ეხლავე გავალ და რამეს მოგიხერხებ გპირდებიო და გავიდნენ. ახალგაზრდა იმედიანად ელოდებოდა.

უცებ მართლაც იღება კარანტინის კარები და შემოდის ორი უკვე სხვა ციხის თანამშრომელი. იკითხეს: ვის აწუხებს თავი და თვალებიო? მე… უპასუხა ახალგაზრდამ. ოფიცერი: წამო, შვილო, გაგიყვან ექიმთან და შევეცდებით გაგიყუჩოთ თავი და თვალებიო…

მე კი მივხვდი რასაც ეუბნებოდა, მაგრამ ახალგაზრდამ მადლიერი თვალებით შეხედა ოფიცრებს და გაჰყვა. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, ისევ გაისმა რკინის კარების მჭახე ხმა… გაიღო კარი და დასისხლიანებული, სრულიად გათიშული სხეული შემოაგდეს ოთახში.

უცებ ერთ-ერთი დამცინავად იძახის: კიდევ ხომ არ აწუხებს ვინმეს რამეო? ნუ გერიდებათ, თქვით და უცებ გიმკურნალებთო… ხმას არავინ იღებდა… გავიდნენ სიცილით და დედის გინებით… ჩვენ, როგორც შეგვეძლო, მივხედეთ ახალგაზრდა პატიმარს, მაგრამ საღამოსკენ ისე ცუდად იყო, რომ ყველამ ერთად ავტეხეთ ბრახუნი კარებზე ყვირილით: კვდება კაცი! უშველეთ! მორიგე! შემოვიდნენ და სასწრაფოდ გაიყვანეს შეშინებულებმა და ისე გადმოგვხედეს ყველას, თითქოს ჩვენს გამო კვდებოდა კაცი. გაიყვანეს და იმის მერე არც მინახავს…

საკნებში რომ გადაგვანაწილეს ცემა-ცემით, იქ პატარა სალოცავი გვქონდა კარადაში გაკეთებული და ბევრჯერ შევთხოვე უფალს, გადაერჩინა ის ახალგაზრდა კაცი…

ეს რაც გავიხსენე, ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც იქ ხდებოდა…

უფალო, უშველე ყველა გაჭირვებულს…”