ქართული ფილმი გრანპრის მფლობელია

sxvisi-saxliსაქართველოს მიერ წელს ოსკარზე უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის წარდგენილი ქართული ფილმი საერთაშორისო კინოფესტივალზე გრანპრის მფლობელი გახდა.

რეჟისორ რუსუდან გლურჯიძის ფილმს “სხვისი სახლი” ნორვეგიაში, ბერგენის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზი მიენიჭა. ბერგენის საერთაშორისო კინოფესტივალი ნორვეგიაში 2000 წლიდან იმართება და ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად ითვლება.

“სხვისი სახლი” საქართველოს, რუსეთის, საფრანგეთის და ხორვატიის კოპროდუქციაა. ფილმში მთავარ როლებს სალომე დემურია, ზურაბ მაღალაშვილი, ია სუხიტაშვილი, ოლგა დიხოვიჩნაია, ეკატერინე ჯაფარიძე და საბინა ახმედოვა ასრულებენ.

ფილმი ხანმოკლე, მაგრამ გამანადგურებელ ომში ფიზიკურად გადარჩენილი ორი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. ისინი იკავებენ ნაჩქარევად გამოთავისუფლებულ სახლებს, მაგრამ მშვიდობიან გარემოში ახალი ცხოვრების დაწყება არ შეუძლიათ, რადგან ომი ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძელდება.

ფილმისთვის ეს რიგით მეორე საერთაშორისო ჯილდოა. “სხვისი სახლი” კარლოვი ვარის კინოფესტივალის გამარჯვებულიცაა პროგრამაში East of the West.