27 სექტემბერი, 2016

მერიამ უმამო და სოციალურად დაუცველი პიანისტის დაფინანსებაზე უარი განაცხადა

marika-bakuradzeსაქართველო ნიჭიერების ქვეყანაა, მაგრამ სამწუხაროდ, ხელოვანებს ჩვენს ქვეყანაში ნაკლები ხელშეწყობა აქვთ. დამწყები მომღერლები, პიანისტები, მხატვრები თუ მსახიობები სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებზე წარმატებებს აღწევენ და საპრიზო ადგილებსაც იმსახურებენ.

ერთ-ერთი ასეთი ნიჭიერი პიანისტი და არაერთგზის ლაურეატი 16 წლის დეაა, რომელმაც მთელი ზაფხული მეცადინეობაში გაატარა, თუმცა მერიამ უარი უთხრა უდედმამო და სოციალურად დაუცველ მოზარდს დაფინანსებაზე, რომ მას იტალიაში საფორტეპიანო კონკურსში მიეღო მონაწილეობა.

ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტმა მარიკა ბაკურაძემ გაავრცელა:

“მერიამ უარი უთხრა უმამო და სოც.დაუცველ ბავშვს, დაეფინანსებინა სულ რაღაც 700 დოლარით და გაეშვა იტალიაში, საფორტეპიანო კონკურსზე. მაშინ როცა: ბავშვი არის არაერთგზის ლაურეატი, საკუთარ მუსიკალურ სკოლაში წარმატებით და შედეგებით არის N1, მთელი ზაფხული მეცადინეობაში გაატარა ც ამ კონკურსის მოლოდინში, საკუთარი და ახლობლების ფულით იყიდა იტალიის ბილეთები და ეს 700 დოლარი მხოლოდ საცხოვრებელი თანხა იყო – ამას უკვე მისი მარტოხელა დედა ვეღარ გაწვდა. ამდენხნიანი მოლოდინი და საბუთების შეგროვება ერთ დღეში წყალში ჩაუყარეს 16 წლის ბავშვს. ხვალ უკვე კონკურსზე რეგისტრაციის ვადა იწურება.”

მარიკა ბაკურაძის განცხადება სამების ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელმა სვიმონ ჯანგულაშვილმა გააზიარა. ინფორმაციას მსოფლიოში აღიარებული მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი გაეცნო და ბავშვი დააფინანსა.

“სრულიად წარმოუდგენელი რამ მოხდა – ჩემი სტატუსი დაუფინანსებელი ბავშვის თაობაზე გააზიარა სვი ჯანგულაშვილმა და ამ გაზიარებულს უცებ ანიტა რაჭველიშვილმა მიაწერა – დაარეგისტრირეთ ბავშვი, მე ვაძლევ სრულ თანხასო. 2 წინადადებაში დაატრიალა ამ ადამიანმა საოცრება. მართლა შოკში ვარ, ბავშვმა ჯერ არაფერი იცის, დილით დახვდება ეს სიურპრიზი. მე ანიტა რაჭველიშვილს არ ვიცნობდი, არაფერი შეხება მასთან არ მქონია და ახლა უბრალოდ არ ვიცი რანაირად უნდა ვუთხრა მადლობა ამ გამაოგნებელი საქციელისთვის!” – განაცხადა ანიტას საქციელით აღფრთოვანებულმა მარიკა ბაკურაძემ.

თავად ანიტა რაჭველიშვილმა თავისი საქციელი კი ასე ახსნა:

“დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის! მე გამოვლილი მაქვს ეგ ყველაფერი და ამიტომ, ვიცი რას ნიშნავს მსგავს საშინელ სიტუაციაში ყოფნა! ნეტა მეც თავის დროზე დამხმარებოდა ვინმე! მადლობა და წარმატებები დეას.”