26 სექტემბერი, 2016

იზმირის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი თბილისში ჩამოდის

izmiriis-orkestriპირველად საქართველოში – მსოფლიოს ერთ-ერთი უმაღლესი კლასის ორკესტრი – იზმირის სახელმწიფო ფილარმონიული ორკესტრი თბილისში ჩამოდის.

ორკესტრი საქართველოს დედაქალაქში ორ კონცერტს გამართავს. კონცერტები საქართველოს და თურქეთის 25 წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებს ეძღვნება.

საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლიან ისტორიაში ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ ერთი ორკესტრი – პეტერბურგის ფილარმონიის ორკესტრი იმყოფებოდა, რომელიც ფონდმა “იავნანამ” მოიწვია.

18 ოქტომბერს კონცერტი კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება, სადაც იზმირის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი უდირიჟორებს. კონცერტში ასევე მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი ალექსანდრე თორაძე.

ორგანყოფილებიანი კონცერტის პირველ განყოფილებაში შესრულდება თურქი კომპოზიტორის ულვი ჩემალ ერკინის “კოჩექჩე” – სიუიტა ორკესტრისთვის. ალექსანდრე თორაძე ააჟღერებს შოსტაკოვიჩის პირველ საფორტეპიანო კონცერტს, ხოლო მეორე განყოფილებაში მსმენელისთვის წარმოდგენილი იქნება ბრამსის მეორე სიმფონია რე მაჟორი.

20 ოქტომბერს იზმირის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი კონცერტს ალექსი მაჭავარიანის სახელობის თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართავს. პირველ განყოფილებაში შესრულდება თურქი კომპოზიტორის ნევიტ კოდალის “ტელიტურნა”, ალექსანდრე თორაძე დაუკრავს შოსტაკოვიჩის პირველ კონცერტს, ხოლო მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი საქართველოში პირველად ააჟღერებს ჩაიკოვსკის უვერტიურას “1812”. კონცერტის მეორე განყოფილებაში იზმირის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი და მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი კლასიკური მუსიკის მოყვარულებს შოსტაკოვიჩის მეხუთე სიმფონიას შესთავაზებენ.