23 სექტემბერი, 2016

“გთხოვთ, ნუ დამესხმებით თავს”

nino-tarxnishvili– პრობლემა ღირებულებებში ვეძებოთ და არა რიცხვებსა და ფაქტებში, – ასე მიაჩნია ლიტერატურული პრემია ”საბას” ნომინანტ მწერალსა და ჟურნალისტს ნინო თარხნიშვილს, რომელიც ახალი თაობის განათლების საკითხს საკმაოდ საინტერესოდ ეხმაურება.

ნინო თარხნიშვილი:

“მე არ ვთვლი, რომ თუკი ადამიანმა არ იცის ლექსი “ტყემ მოისხა ფოთოლი”, ის უწიგნურია.
არც იმას ვფიქრობ, რომ თუკი ადამიანი ვერ ჩამოგითვლის ანბანის ბოლო ცამეტეულს (ყველაზე რთულად ჩამოსათვლელს), ის სანაგვეზეა მოსასვრელი.

არც იმას ვთვლი პრობლემად, ადამიანმა არ იცოდეს, რომ 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. მთავარია, იცოდეს, რომ აფხაზეთი ჩვენი აღარაა.

ნუ რა ვქნა, არც იმაზე დავიგლეჯ თმას, ნწ ნწ ნწ, როგორ არ იცის, აღმაშენებელი და თამარ მეფე ერთმანეთისა ვინ იყვნენო.

და ისე, დათა თუთაშხია რომ წიგნის პერსონაჟია და არავინ სხვა, ამის არცოდნა, ცოდვაა?

ამბავი ასეა. ყველა ისე ვცხოვრობთ, როგორც გამოგვდის. და არავის აქვს უფლება, ამ ცხოვრებაში შემოიჭრას მიკროფონით და კამერით, “ჩამჭრელი” კითხვები დაგვისვას და ჩვენს “ინტელექტუალურ სიბეცეს” საქვეყნოდ ხაზი გაუსვას. ეს მდაბიო ჟურნალისტიკაა.

სულ ფეხებზე ეკიდა აი, იმ საქანელაზე ჩამომჯდარ ახალგარდა დედას, კალთაში რომ პატარა ეჯდა, რამ მოისხა ფოთოლი, იმიტომ, რომ ალბათ სხვა პრიორიტეტები ჰქონდა ცხოვრებაში, თუნდაც შვილის გაჩენა და ამის გამო, ქვები უნდა დავუშინოთ?

ვერ იდარდებდა ის ცისფერთვალებიანი და შავთმიანი გოგო პომიდორს რომ ყიდულობდა, დათა თუთაშხიას ნეშტის ბედზე, იმიტომ, რომ სავარაუდოდ, სხვა საზრუნავი აქვს ცხოვრებაში და ამ ყოველდღიურ ცხოვრებაში თუ დათა თუთაშხიას ადგილი არ მოიძებნა, რა ვქნათ? დავცინოთ?
სოფლის საფიხვნოზე გამომჯდარ ქალებს რომ არ ახსოვთ ვინ იყვნენ ერთმანეთისთვის დავითი და თამარი, ე.ი. რა გამოდის, თავები უნდა დავჭრათ?

და შენ მაგალითად, იცი, როგორ მოწველო ძროხა, ამოიყვანო ყველი, კარაქი შედღვიბო, მოთოხნო-მობარო?

და იმ თინეიჯერმა ბიჭმა თუ არ იცის, რა მოხდა 27 სექტემბერს, ე.ი. მისი ბედი უკვე გადაწყვეტილია, ხო? ის ცხოვრებაში ვერასდროს ვერაფერს მიაღწევს და ასეთ უვიცს ამოხდება სული სადმე ქუჩის კუთხეში.

და ჩვენ ყველაფერი ვიცით? და თუ არ ვიცით, ამით ქვეყანა იქცევა?

მე არ წამიკითხავს “სამი მუშკეტერი”, “უთავო მხედარი” და კიდევ ბევრი “სავალდებულო საკითხავი”, ვერასდროს ჩამოვთვლი შვიდ საოცრებას, ევროპის დედაქალაქები ვიცი, მაგრამ ვერასდროს დავიმახსოვრე აფრიკა-აზიის დიდი ნაწილი. მიჭირს რუკის აღქმა. ელემენტარული ფიზიკა და ჩინური ერთ დონეზე ვიცი და H2O რა იყოო?…

სამაგიეროდ, “ყივჩაღის პაემანი” ვიცი ზეპირად.

ვეფხისტყაოსნის პროლოგშიც არამიშავს.

ე.ი. ყველაფერი დაკარგული არ არის?

პრობლემა ღირებულებებში ვეძებოთ და არა რიცხვებსა და ფაქტებში.

და გთხოვთ, ნუ დამესხმებით თავს.”